ხალხის სიამაყე

0
67

ბრაზილიელებმა გარინჩას სახელად “ხალხის სიხარული” შეურჩიეს, დავით ყიფიანის მოკლედ დასახასიათებლად კი ყველაზე ზუსტად “ხალხის სიამაყე” მიესადაგება. იგი ხომ თავისი თამაშით არა მარტო სიხარულს გვანიჭებდა, თავისი განუმეორებელი ასპარეზობით სტადიონზე მსხდომთ სიამაყის გრძნობასაც გვიმძაფრებდა. თავადაც მეტად მგრძნობიარე, ამაყი და იმდენად დიდი ადამიანი გახლდათ, რომ მისი სულიერი მდგომარეობა ათიათასობით გულშემატკივარს უხილავი ძაფებით მინდვრიდან ტრიბუნებზე გადაეცემოდა.
დათო ყიფიანის თამაში ქართველ ქომაგს მუდამ ემახსოვრება, ამასთან ქართული ფეხბურთის უპირველესი ფიგურის გახსენებისას ყიფიანის არასაფეხბურთო ეპიზოდები ამოტივტივდება ხოლმე. 1976 წელს თბილისის “დინამომ” საკავშირო თასი მოიპოვა და თასების მფლობელთა თასის საწყის ეტაპზე “კარდიფ სიტის” შეხვდა. უელსში ყოფნისას დათოს ერთმა ბრიტანელმა 20 გირვანქიანი კუპიურა გაუწოდა, ვიცი, საბჭოელებს როგორ გიჭირთ და შენი ბრწყინვალე თამაშის დამფასებლისგან ეს მცირედი თანხა ფეშქაშად მიიღეო. ყიფიანი არ დაიბნა, ბანკნოტი გამოართვა, მასზე თავისი ავტოგრაფი დასვა და პირღია უელსელს უკან დაუბრუნა…
1976 წლიდან დათო ყიფიანი თბილისის „დინამოს“ლიდერად იქცა. იმხანად საკავშირო ნაკრები მონრეალის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. ლობანოვსკის გუნდი კიეველებით ჰყავდა დაკომპლექტებული, მაგრამ ყიფიანი იმდენად შთამბეჭდავად თამაშობდა, მწვრთნელი იძულებული გახადეს კანადაში ქართველი ათიანიც წაეყვანა. იმის მომიზეზებით, რომ ყიფიანი კიეველთა შორის თავს უცხო სხეულად გრძნობდა, ლობანოვსკიმ დათოს ოლიმპიადაზე თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, რითაც უპირველესად საბჭოთა ნაკრების შედეგმა იზარალა. ტურნირზე დასკვნითი, მესამე ადგილისთვის მატჩი იწურებოდა, როცა მწვრთნელმა ყიფიანს მინდორზე გასვლა შესთავაზა. ლობანოვსკის ეს ჟესტი დათოსთვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მიკუთვნებას ნიშნავდა, დათომ კი მატჩში ჩაბმა იუარა – ამხელა გზა მედლისთვის არ გამომივლია, თამაში და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მწყურდაო.
ლობანოვსკის სიჯიუტემ დათო “სპორტულად” გააღიზიანა და მან მონრეალში დაგროვილი “ბრაზი” ჯერ საკავშირო თასის ფინალში დაატეხა თავს ერევნის “არარატს”, მთელი მომდევნო სეზონი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და წლის მიწურულს სპორტულ ჟურნალისტებმა დათო საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად დაასახელეს. იმ სეზონის შუაწელიდან დაიწყეს ნამდვილი ნადირობა დათო ყიფიანზე წამყვანი ევროპული კლუბების მენეჯერებმა, რომლებიც “დინამოს” ლიდერს საარაკო პირობებს სთავაზობდნენ მათ გუნდში გადასვლის სანაცვლოდ…
ყიფიანის მეტოქეები საქვეყნოდ აღიარებული ვარკვლავები იყვნენ. დათო მათთან შედარებით, არათუ ოდნავ მაინც სუსტ ფეხბურთელად გამოიყურებოდა, პირიქით, ინდივიდუალური თუ გუნდური თამაშით ჩვენ მიერ ჩამოთვლის დიდოსტატებს ჩაგრავდა კიდეც.
დღეს დათო ყიფიანს 71 წელი შეუსრულდებოდა…

გოჩა კაჭარავა