არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
„ვადასტურებ, რომ კარიერა დავასრულე. წინადადება ბევრი გუნდიდან მქონდა, მაგრამ მოთამაშის რანგში უკვე ყველაფერი გავეცი რაც შემეძლო. ასე რომ ძალიან მშვიდად ვარ“ – განაცხადა 38 წლის ფეხბურთელმა გადაცემა Animales Sueltos-ში სტუმრობის დროს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი მამის სიკვდილმა ითამაშა: „მე ჩემი ნომერ პირველი ფანი დავკარგე და ამის გამო, თამაში არ მსურდა“.
ტევესი კარიერის განმავლობაში „ბოკა ხუნიორსში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“ და „შამხაი შენხუაში“ გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი „ბოკა“ იყო, საიდანაც შარშან ზაფხულში წავიდა.
ტევესმა ინგლისის პრემიერ ლიგა 3-ჯერ მოიგო – 2-ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ – „მანჩესტერ სიტის“. მან „იუნატედთან“ ერთად 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ტევესი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია.
ტევესმა საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში 746-ჯერ ითამაშა და 308 გოლი გაიტანა. ის არგენტინის ეროვნული გუნდის ღირსებას 2004-2015 წლებში იცავდა და 76 შეხვედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.





