ერთადერთი და განუმეორებელი ლებრონი

0
50

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც 10 ათასი მოხსნისა და ამდენივე შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა. თავისი მეათიათასე პასი „მეფე ლებრონმა“ „ფინიკს სანზთან“ მატჩის მსვლელობისას გააკეთა, მატჩი კი არიზონელებმა 140:111 მოიგეს. კალიფორნიელებს ვერც ლებრონის 31 ქულამ უშველა.
რამდენიმე დღით ადრე კი ლებრონ ჯეიმსი ასევე ნბა-ს პირველი მოთამაშე გახდა, ვინც მინიმუმ 50 ქულა 21 წლამდე და 35 წლის ასაკის გადაბიჯების შემდეგ დააგროვა.
ცნობისთვის, სადღეისოდ ლებრონ ჯეიმსს ნბა-ს რეგულარულ პირველობაზე 36 824 ქულა აქვს გაკეთებული და ამ მხრივ მხოლოდ კარლ მელოუნსა (36 928) და ქარიმ აბდულ ჯაბარს (38 387) ჩამორჩება. რეგულარულ პირველობასა და პლეი ოფის მატჩებს რაც შეეხება, “მეფე ლებრონი” ასოციაციის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელია.
ნბა-ს მიმდინარე რეგულარულ პირველობაზე ლებრონი საშუალოდ 37 წუთს ასპარეზობს და მისი ასევე საშუალო-სამატჩო მაჩვენებლები 29.7 ქულას, 8.2 მოხსნასა და 6.3 შედეგიან გადაცემას უტოლდება.