კაშიამ და კანკავამ სტუმრად საბრძოლო ქულები აიღეს

0
23

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ზედა ექვსეულის პირველ ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ჟილინას“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა.
„სლოვანის“ მიერ მოპოვებულ სამ ქულაში დიდი წვლილი მთავარი მწვრთნელის ვაჟმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა შეიტანა. მასპინძლები 42-ე წუთზე პენალტიდან კოპასმა დააწინაურა, ხოლო ვაისმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 59-ე წუთზე „ჟილინა“ წინ დურიშმა გაიყვანა, მაგრამ 16 წუთში ვაისმა თანაფარდობა ისევ აღადგინა. „სლოვანმა“ 81-ე წუთზე მრაზის გატანილი ბურთით მოიგო.
საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა კანკავამ და ვიცეკაპიტანმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს და მე-2 პოზიციაზე მყოფ ტრნავის „სპარტაკს“ 11 ქულით სჯობს.