მიხეილ ბაშალეიშვილი: “ყველა მეტოქესთან მოსაგებად გავალთ”

0
108
წყალტუბოს ,,სამგურალი” ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდა, მათ შორის არის 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი.
ის წყალტუბოში ,,თელავიდან” გადავიდა, სადაც შრომისმოყვარეობითა და ბრძოლის ჟინით გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურა. ახლა ეცდება, რომ წარმატებული თამაშით ,,სამგურალის” ქომაგსაც დაამახსოვროს თავი.
ბაშელეიშვილი გუნდის მზადების, განვლილი ამხანაგური მატჩებისა და მომავალი გეგმების შესახებ “სამგურალის” ვებგვერდს ესაუბრა.
– რამდენიმე წლის განმავლობაში ,,თელავში” თამაშობდი, ამდენი ხნის შემდეგ გარემოს შეცვლა რთული ხომ არ აღმოჩნდა, როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?
– თელავში 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. გარემოს გამოცვლა არ გამჭირვებია, რადგან ახალ გუნდში ძალიან მეგობრული და კარგი სიტუაცია დამხვდა. ბიჭების ნაწილსაც ვიცნობდი და აქედან გამომდინარე არ გამჭირვებია გუნდთან შეწყობა.
– გვიამბეთ თქვენს შესახებ. სად დაიწყე ფეხბურთის თამაში და შემდეგ როგორ განვითარდა კარიერა…
– ფეხბურთის თამაში 10 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ოთარ კორინთელი. შემდეგ ვვარჯიშობდი საფეხბურთო კლუბ ,,ვიტ ჯორჯიაში” ზაზა დიდებაშვილთან. იქედან თბილისის ,,დინამოს” აკადემიაში მოვხვდი, ვითამაშე ,,დინამოს” ასაკობრივ გუნდებში და დუბლშემადგენლობაში. ხუთი წლის წინ აღმოვჩნდი ,,თელავში” და შეიძლება ითქვას ჩემი პროფესიონალური კარიერაც კახურ კლუბში დაიწყო.
– კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ძმასთან ერთად თამაშობდი, თქვენი გზები გასული ჩემპიონატის შემდეგ გაიყო და სხვადასხვა კლუბში აღმოჩნდით…
– ბავშვობიდანვე ყველა გუნდში ერთად ვიყავით. წლეულს მართლაც პირველად მოხდა რომ, სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელები ვართ. მინდა ჩემს ძმას წარმატებები ვუსურვო თავის ახალ გუნდთან ერთად.
– გასული სეზონის დასრულების შემდეგ თუ გქონდათ სხვა შემოთავაზებები და რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
– მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა გუნდებიდან, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი წყალტუბოს ,,სამგურალზე” შევაჩერე. ამ გუნდის მიმართ ყოველთვის სიმპათიით ვიყავი განწყობილი. ,,სამგურალს” ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა. ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოოდ, წყალტუბოს ,,სამგურალზე” შევაჩერე ჩემი არჩევანი .
რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე?
– კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გავაფორმე. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სეზონი გვექნება და მწვრთნელის იმედებს გავამართლებთ.
– როგორ მიმდინარეობს ჩემპიონატისთვის მზადება და განვლილ ამხანაგურ მატჩებს როგორ შეაფასებ?
– ჩემპიონატისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინაორებს. შეკრების დღიდანვე ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. პირველი ეტაპი ფიზიკურ მომზადებას დაეთმო და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. მეორე ეტაპზე, როგორც იცით, ვიმყოფებით თურქულ შეკრებაზე, სადაც უკვე მიმდინარეობს ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობთ მწვრთნელის დავალებების შესრულებას, ორმაგი დატვირთვების ფონზე. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ ვმუშაობთ მათ გამოსწორებაზე.
თურქეთში ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. ორი თამაში მოვიგეთ და ერთში დავმარცხდით. ,,ფაკელთან” მარცხმა ერთგვარი გამოცდილება შეგვძინა. ვნახეთ რა კომპონენტებში გვაქვს მოსამატებელი. დანარჩენ ორ შეხვედრას რაც შეეხება, ვფიქრობ, ბევრი დადებითი მომენტები იყო
ვცდილობდით ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები გადაგვეტანა თამაშზე, რაც ხშირ შემთხვევაში გამოგვდიოდა კიდეც. ვფიქრობ, სეზონის დაწყებამდე ჩვენი თამაში უფრო მეტად მრავალფეროვანი და დახვეწილი იქნება.
– კლუბში შენს პოზიციაზე თუ არის კონკურენცია?
– გუნდში ყველა პოზიციაზე არის კონკურენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ხანგრძლივი სეზონი გველოდება და ,,გრძელი სკამი” აუცილებელია.
– ,,სამგურალს” მომავალ სეზონში საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, როგორ ფიქრობ, გაუწევთ კონკურენციას ჩემპიონატის ფავორიტებს?
– ამბიციური გეგმები გვაქვს და აქედან გამომდინარე, ყველა მეტოქესთან მოსაგებად გავალთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი იქნება ჩვენს წინააღმდეგ, ვიქნებით მებრძოლი გუნდი და გამარჯვებისთვის თავს არ დავზოგავთ.
– რა ჩაითვლება თქვენთვის წარმატებულ ასპარეზობად?
– ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მომავალი სეზონიდან ყველა ასპარეზზე ვიყოთ მაქსიმალურად წარმატებულები და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი!