საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ევრო-2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთთან 0:8 წაგების მიუხედავად თავისი მოთამაშეებით ამაყობს.
ავთანდილ ასათიანი: “ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ ანგარიშს, რადგან ცხრილში რომ ჩავიხედოთ, 6 ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მიუხედავად დღევანდელი დღისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ბიჭებით.
თამაშამდე ვთქვი, რომ ცალი თვალი მეოთხედფინალისკენ უნდა გვქონოდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ მოთამაშეებს ყვითელი ბარათები რომ მიეღოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს ისტორიული თამაში იქნება ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მარცხს მალე დავივიწყებთ.
მოვსინჯეთ თამაშში ელისანდროს ჩართვა, თუმცა ვერ იყო 100 პროცენტით მზად და აღარ გავრისკეთ. მიკრო ტრავმა ჰქონდა კუპატაძეს და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ შემთხვევაშიც ვერ გავრისკავდით.
მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან არ ვიყავით მზად მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე. უბრალოდ, ძალიან საწყენია და გულზე გვხვდება ყველას ეს ანგარიში და მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო“.
შაგინია: “ძნელია მსგავსი წაგების ახსნა. მატჩისთვის მზად ვიყავით და ვიცოდით, რომ ესპანეთი ყველაფერს გაიღებდა საჭირო შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ ველოდით, რომ ჩვენთვის ასე რთული იქნებოდა. ვფიქრობ, მატჩის დროს ძალიან მოდუნებული ვიყავით, მაგრამ შესაძლოა, კარგიც იყოს ასეთი თამაშის ჩატარება, რადგან მეოთხედფინალში იგივე შეცდომას აღარ დავუშვებთ. ეს არის ის, რაც მომავლისთვის ამ თამაშიდან უნდა ვისწავლოთ. ყველა ჩვენგანისთვის მძიმე გაკვეთილი იყო, რუსეთთან სწორად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რათა დარწმუნებულით ვიყოთ, რომ მსგავსი არაფერი განმეორდება. არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, რადგან ჩვენს ბევრ მოთამაშეს დიდი გამოცდილება აქვს უმაღლეს დონეზე თამაშის და შეუძლია გაუმკლავდეს ყველა გვერდით ეფექტს, რომელიც ასეთ შედეგს შეიძლება ახლდეს”.
ვილიანი: “დღეს ნამდვილი საქართველო არ იყო. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, მაგრამ პირველ ტაიმში 3 გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ძალიან ვწუხვართ ამ მძიმე მარცხის გამო, მაგრამ შედეგი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვიმსახურებთ ქებას რთული ჯგუფიდან გასვლისთვის. ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ და დავიწყოთ რუსეთზე ფიქრი, რომელიც კიდევ ერთი ძლიერი გუნდი და ტურნირის მოგების ფავორიტია. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს გასახდელში, რათა გამეფრთხილებინა, რომ კარგი იყო ჯგუფში ორი მატჩის მოგება, მაგრამ ამიერიდან ყოველი თამაში ისეთი რთული იქნება, როგორც ესპანეთთან გვქონდა. თუ არ გამოვავლენთ იგივე ყურადღებას, რაც პირველ ორ მატჩში გამოვიჩინეთ, შეიძლება განმეორდეს ის, რაც დღეს საღამოს მოხდა”.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს, D ჯგუფში ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, რუსეთის ნაკრები იქნება. ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი მოიგო. საქართველოს და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა პირველ თებერვალს, ამსტერდამში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
მეოთხედფინალის კალენდარი:
31 იანვარი
20:00 | პორტუგალია-ფინეთი
23:00 | ყაზახეთი-უკრაინა
1 თებერვალი
20:00 | რუსეთი-საქართველო
23:00 | ესპანეთი-სლოვაკეთი




