მიონხენგლადბახელთა სარეკორდო გამარჯვება „ბაიერნთან“ – ჩემპიონმა წელიწადი უიღბლოდ დაიწყო

0
39

მიუნხენის „ბაიერნისთვის“ 2022 წელი უიღბლოდ დაიწყო. ბუნდესლიგის მე-18 ტურში იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილი გუნდი შინ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდა და 1:2 წააგო.
მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში 20 გოლი პირველმა გაიტანა. 27-ე წუთზე სტუმრებიდან მეტოქის კარი ნეუჰაუზმა აიღო, ხოლო ოთხ წუთში მიუნხენელები ლაინერმა დაამწუხრა. დარჩენილ დროში მეტო გოლი არ გასულა და „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში „ბაიერნს“ 27-ედ მოუგო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია. მანამდე, მიონხენგლადბახელები რეკორდს ბრემენის „ვერდერთან“ იყოფდნენ – 26-26 გაამრჯვება.
მიმდინარე სეზონში „ბაიერნმა“ „ბორუსიასთან“ ბუნდესლიგაში ჩატარებული 2 მატჩიდან ერთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო თასზე დამარცხდა – 8 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა. მიონხენგლადბახელებთან დაპირისპირებამდე ბავარიელებმა ყველა ტურნირში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგეს. „ბაიერნმა“ გოლი ბუნდესლიგის ზედიზედ 65 შეხვედრაში გაიტანა და თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. „ბაიერნის“ რიგებში 75-ე წუთზე შეცვლაზე პაულ ვანერი შევიდა, რომელიც 16 წლის და 15 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა  ფეხბურთელია, ვისაც მიუნხენელთა შემადგენლობაში ბუნდესლიგაში უთამაშია.
„ბაიერნი“ 43 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 9 წულით ასწრებს მე-2 პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას“. მიონხენგლადბახელები  ქულით მე-11 ადგილზე არიან.