„რეალის“ წაუგებელი სერია შეწყდა – „ხეტაფემ“ მადრიდული დერბი 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო

0
19

მადრიდის „რეალის“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდულ დერბიში „ხეტაფემ“ ჩემპიონატის ლიდერს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე მასპინძლების თურქმა ლეგიონერმა ენეს უნალმა გაიტანა, როდესაც ედერ მილიტაომ თავის საჯარიმოსტან ბურთი უხეიროდ დაამუშავა და საბოლოოდ, მეტოქის ფორვარდმა აართვა, რომელსაც კარის აღება არ გაჭირვებია.
„რეალს“ აშკარად ეტყობოდა ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორის არყოფნა, რადგან ისე მწვავედ ვერ უტევდა როგორც სჩვევია. თუმცა, რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა, მაგრამ „ხეტაფეს“ მეკარე დავიდ სორიამ დამაჯერებლად ითამაშა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. მასპინძლებმა, რომელთაც კიკე სანჩეს ფლორესი წვრთნის „რეალი“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს. დღევანდელ დაპირისპირებამდე „ხეტაფემ“ ბოლოს „რეალს“ 2012 წლის აგვისტოში სძლია – 2:1. მადრიდელთა თავკაცმა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ წლის პირველი თამაში ზედიზედ მესამედ წააგო. „რეალი“ 46 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 8 ქულით ასწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ „სევილიას“, რომელმაც 2 მატჩით ნაკლები ჩაატარა.