ბრაზილიამ თავისი რეკორდი გაიმეორა, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

0
8

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-14 ტურში არგენტინამ სან ხუანში ბრაზილიას უმასპინძლა და სამხრეთ ამერიკული „სუპერ კლასიკო“ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

არგენტინელთა რიგებში გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბრაზილიას თავისი ლიდერი ნეიმარი კუნთების პრობლემის გამო აკლდა.

თამაშის წინ არგენტინელებმა სეხიო აგუეროს მხარდასაჭერად ფოტო გადაიღეს ბანერის ფონზე, რომელზეც ფეხბურთელის ფოტო იყო აღბეჭდილი და გამამხნევებელი წარწერაც თან ერთვოდა:”გამაგრდი კუნ, შენ გაუმკლავდები!”. შეგახსენებთ, რომ აგუეროს გულის პრობლემები აქვს და შესაძლოა, კარიერა ნაადრევად დაასრულოს.

არგენტინამ მოპოვებული ქულით მომავალ მუნდიალზე ასპარეზობა გაინაღდა, რადგან ჩილემ ეკვადორთან ();2) წააგო და ლიონელ სკალონის შეგირდები, რომლებიც ამჟამად მე-2 ადგილზე არიან, მე-4 პოზიციაზე დაბლა არცერთ შემთხვევაში დაეშვებიან.

ბრაზილიას მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ზედიზედ 15 თამაშია არ წაუგია და თავისი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 1954-1993 წლებში დაამყარა.

ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა ყატარში გასამართ მუნდიალზე ასპარეზობა მე-13 ტურში  გაინაღდა.