ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ამოეწურა და უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიდი შანსია, ეროვნულ გუნდში აღარ იმუშავოს.
კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 44 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა თავის ინსტაგრამის გვერდზე განცხადება გაავრცელა:
“დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ამომეწურა. ნაკრებში 5 წელიწადი გავატარე. ეს მძიმე შრომა იყო, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობა პრეზიდენტსა და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციას იმისთვის, რომ უკრაინის ნკრებში მუშაობის საშუალება მომცეს.
მადლობა თითოეულ მოთამაეს, თითოეულ ადამიანს, რომელიც მეხმარებოდნენ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის და კრიტიკისთვის. ერთად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი შესაძლოა კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და სანახაოებრივი იყოს. უკრაინის გვჯეროდეს”.
შევჩენკო უკრაინის ნაკრების შტაბში 2016 წლის თებერვალში დასაქმდა, ხოლო იმავე წლის ივლისში მთავარი მწვრთნელი გახდა.
მან მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე გუნდი ვერ გაიყვანა, თუმცა ევრო-2020-ზე შევჩენკოს ხელმძღვანელობით უკრაინელებმა 1/4-ფინალში ითამაშეს, სადაც ინგლისთან 0:4 წააგეს.
obozrevatel.com-ის ინფორმაციით, შევჩენკო და უკრაინის საფეხბურთო ასოციაცია ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.
უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა თავისი სამწვრთნელო შტაბისთვის სამ მილიონ დოლარს ითხოვდა, მაგრამ საფეხბურთო ასოციაცია მხოლოდ 1,5 მილიონის გადახდას გეგმავდა.
სხვათა შორის, ევრო-2020-ზე უკრაინის ნაკრებმა 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
