ვამარა სანოგოსთვის ბათუმური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა.
“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა და კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.
სანოგო ბათუმურ კლუბში მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ვამარა სანოგო: “კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტა გადავწყვიტე, რადგან უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად თამაში მჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ეს არ მოხდა. ვერ ვაჩვენე მაქსიმუმი, ვინაიდან სათამაშო დრო მჭირდებოდა და უფრო მეტი უნდა მეთამაშა, რადგან ფეხბურთელი, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო კარგია, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ კლუბის და “დინამო ბათუმს” ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
აქ კარგი პერიოდი გავატარე, ბოლო თამაშში ბატე დავამარცხეთ, შესანიშნავად ვითამაშეთ და გიჟური ქამბექი შევასრულეთ. “დინამო ბათუმიდან” მხოლოდ კარგი მოგონებები მიმყვება და აქ მართლაც ძალიან სასიამოვნო ხალხი ცხოვრობს. მინდა, მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს იმისთვის, რომ ძალიან კარგად მიმიღეს და მეპყრობოდნენ. ისინი ფანტასტიკურები არიან”.