ნიკა ძალამიძე „შუქურაში“ ითამაშებს

0
32

ნიკა ძალამიძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარ ქობულეთის „შუქურაში“ ითამაშებს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ქობულეთელთა რიგებში ზუგდიდის „დინამოსთან“ (3:1) ამხანაგურ შეხვედრაში იასპარეზა.

ძალამიძეს 2019 წლის ოქტომბერში „რუსთავში“ თამაშის დროს მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და მოედანზე 2-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა.

მან კარიერას ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, ხოლო საუკეთესო პერიოდი პოლონეთის ექსტრაკლასში გაატარა, სადაც ლოძის ”ვიძევის” (2011), ბიალისტოკის ”იაგიელონიასა” (2012-15) და ლენჩნას ”გურნიკის” (2016-17) ღირსებას იცავდა. ძალამიძემ პოლონეთში ჩატარებულ 112 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.

2014-15 წლების სეზონში ძალამიძე ”იაგიელონიასთან” ერთად პოლონეთის ექსტრაკლასას ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ასევე, 29 წლის შემტევი ნახევარმცველი თურქეთის „რიზესფორში“, რუმინეთის „დაკო-გეტიცაში“ (ყოფილი „იუვენტუსი“), თბილისის „დინამოში“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“ უთამაშია.

ძალამიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში 7 თამაში ჩაატარა, ხოლო ეროვნულ გუნდში 5-ჯერ იასპარეზა.

აქვე გეტყვით, რომ „შუქურაში“ უკრაინელი ლეგიონერი მიხაილ რადჩენკო ისინჯება.