ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის L ჯგუფში ხორვატიასთან 4:2 მოგებულ პირველ მატჩში გუნდის რეაქცია მეორე ტაიმში მოეწონა.
„გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა. პირველი ტაიმი ინგლისისთვის ცოტა რთული აღმოჩნდა. შესვენებაზე გადავწყვიტეთ, რომ ფრთხილად გვემოქმედა და უკან დაგვეხია. რიტმის პოვნას მთელი ძალით ვცდილობდით და თავდაჯერება არ გვყოფნიდა.
სტატისტიკა ვნახე და პირველ ტაიმში ორთაბრძოლების 33 პროცენტი მოვიგეთ, ხოლო მეორეში – 73 პროცენტი. ასე რომ პირველი ტაიმი ჩვენთვის უბურთოდაც არცთუ კარგი იყო. მეორე ტაიმში მოთამაშეების რეაქცია მომეწონა – ბევრი ემოცია იყო. ჩვენ სწორად თამაშის დასაწყებად გარკვეული დრო დაგვჭირდა“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-12 წუთზე ხორვატების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა თავის საჯარიმოში მადუეკე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ინგლისელთა კაპიტნის ჰარი კეინის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ხორვატების გოლიპერს ორივე ფეხი კარის ხაზზე არ ედგა და თერთმეტმეტრიანი გამეორდა. ამჯერად, კეინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
36-ე წუთზე ბატურინამ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 42-ე წუთზე დეკლან რაისმა კუთხური ჩააწოდა და კეინმა თავით ინგლისელები დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ინგლისელთა საჯარიმოში მყოფმა პერიშიჩმა თავით საუცხოო პასი გაუკეთა მუსას, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა.
47-ე წუთზე ხორვატების საჯარიმოში შეჭრილმა ბელინგემმა ბრიტანელები დააწინაურა, ხოლო 85-ე წუთზე რაშფორდმა მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და საბოლოო წერტილი დასვა.
ლაშა თაბაგარი





