ქუთათელაძის წარმომადგენლები „სპარტაკს“ დაემუქრნენ

0
20

ქართველი თავდამსხმელის ნიკოლოზ ქუთათელაძის წარმომადგენლები მოსკოვის „სპარტაკს“ სასამართლო გარჩევით დაემუქრნენ თუ მათ კლიენტს 2021-2022 წლების სეზონისთვუს გუნდის განაცხადში არ შეიყვანენ.

მათ მიერ საფეხბურთო კლუბ „სპარტაკისთვის“ გაგზავნილი წერილი sport-express.ru-მ გამოაქვეყნა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლიენტი სამაგალითოდ პროფესიონალურად არსულებდა თავის მოვალეობას, ნათელია, რომ ის თქვენი კლუბის გეგმაში არ შედის, რადგან მეორე გუნდის განაცხადში არ შეიყვანეთ.

მეტიც, კლუბის წარმომადგენელმა ჩვენ კლიენტს ურჩია, რომ 2021-2022 წლების სეზონისთვის ახალი გუნდი იპოვოს ან ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. რადგან ჩვენი კლიენტი ხელფასის შემცირებას არ დათანხმდა, ის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის არ დაარეგისტრირეს. შედეგად, თქვენი კლუბი საკონტრაქტო ვალდებულებას სერიოზულად არღვევს.

ამის მიუხედავად, ისევ გვჯერა, რომ ჩვენ კლიენტთან ერთად ამ სიტუაციას კეთილსინდისიერად გადავწყვეტთ რამე უხერხული იურიდიული პროცედურების გარეშე თქვენი კლუბის მიმართ, რომელიც მსოფლიო რეპუტაციით სარგებლობს“.

ქუთათელაძე „სპარტაკში“ 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. მან ორი სეზონის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა, სადაც 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა „სპარტაკი 2“-ში განვლილ ორ სეზონში შეცვლაზე 2-ჯერ ითამაშა და საერთო ჯამში მოედანზე 22 წუთი გაატარა.

სხვათა შორის, მან ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რათა ლეგიონერად არ ჩათვლილიყო.