„ტორპედოს“ კრახი აზერბაიჯანში

0
0

ქუთაისის „ტორპედომ“ უეფას კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების გათამაშება ძალიან ცუდად დაიწყო. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად აზერბაიჯანის „ზირეს“ დაუპირისპირდა, სადაც დავით ვოლკოვთან ერთად, გიორგი პაპუნაშვილი გამოდის და სამი უპასუხო გოლი გაუშვა. ქუთაისელებმა სუმგაითში ძალიან  ცუდად ითამაშეს და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც ლოგიკურია.
მატჩის საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებში მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფორვარდ დავით ვოლკოვს ჰქონდა, როდესაც კუთხური ჩაწოდების შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა. 32-ე წუთზე „ზირემ“ მორიგი კუთხური ჩააწოდა და მცელმა რუან რენატომ თავით ოთო გოშაძის კარი აიღო – 1:0. შესვენებამდე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის შანსი კიდევ ჰქონდათ და „ტორპედო“ გოლის გაშვებისგან გოშაძემ მინიმუმ სამჯერ გადაარჩინა.
47-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მცველების დასახმარებლად ჩასული სერბი ფორვარდი კომნან ანდრიჩი ბურთის მოგერიებისას წაიქცა, ხოლო ვოლკოვმა ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.
64-ე წუთზე დავით ბუკიამ თავის ნახევარზე თანაგუნდელს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა და ბურთი აიდინს ჩააბარა, რომელიც საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გოშაძემ წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, ხოლო რუან რენატომ დუბლი შეასრულა – 3:0. პაპუნაშვილმა 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ორ წუთში შეცვალეს, ვოლკოვმა კი მოედანი 72-ე წუთზე დატოვა.
„ტორპედო“ „ზირეს“ 16 ივლისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
„ზირე“ (ბაქო) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 3:0 (1:0)
8 ივლისი. სუმგაითი. სტადიონი „ზირე“.

„ზირე“: ბაირამოვი, სეიდიევი, მუტსინზი, რუან რენატო, ალიევი (კ), ვიერინია (იბრაჰიმლი, 72), კონატე, პაპუნაშვილი (ჰუსეინოვი, 59), აიდინი (ჰასულუ, 88), ვოლკოვი (ბოგომოლსკი, 72), მარტინს ჟუნიორი (ჯიბრილა. 72).
მთავარი მწვრთნელი: რაშად სადიგოვი.
„ტორპედო“: გოშაძე, შერიფი, სორი მანე (სკორუპი, 38), სიმიჩი, კუპრავა (სტამატოვი, 67), ბუკია, მამუჩაშვილი (კ), ფელიპე პირესი, პინსონი, ანდრიჩი, არაბიძე (დეისაძე, 67).
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
გოლები: 1:0 რუან რენატო (32), 2:0 ვოლკოვი (47), 3:0 რუან რენატო (64).
გაფრთხილება: კუპრავა (22), ბუკია (50), პაპუნაშვილი (57), გოშაძე (62), ალიევი (66), შერიფი (90+1).
მთავარი მსაჯი: ჯონი ჰიიტია (ფინეთი).

ლაშა თაბაგარი