„მილანმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ შეიძინა.
იტალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„ჩელსი“ ჟირუს სანაცვლოდ ერთ მილიონ ევროს მიიღებს და შესაძლოა, ხაზინა კიდევ ერთი მილიონით გაიმდიდროს თუ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი წარმატებით ითამაშებს.
ჟირუ კარიერის განმავლობაში „მილანამდე“ საფრანგეთის „გრენობლში“ (ყველა ტურნირზე 25 მატჩი, 2 გოლი), „ისტრში“ (34, 14), „ტურში“ (67, 36), „მონპელიეში“ (85, 39). „არსენალში“ (253, 105) და „ჩელსიში“ (119, 39) გამოდიოდა.
მან საფრანგეთის ნაკრებში 110-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 46-ჯერ აიღო, ხოლო 2018 წელს რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ჟირუმ გასულ სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში ჩემპიონტა ლიგაში გაიმარჯვა, 2018-2019 წლების სეზონში კი ევროპა ლიგაში. ის ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ინგლისის თასი 4-ჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი – 3-ჯერ.