სტუდენტური ლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია. გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური ტიტულისთვის იბრძოლებს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯილდო ელის – “ა” ლიგის საგზური, რაც პროფესიულ კალათბურთში გადასვლას ნიშნავს.
ამის საშუალება სტუდენტური ლიგის გამარჯვებულ გუნდებს მესამე წელია, აქვთ და ეს საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შედეგია. დებულების თანახმად, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული “ა” ლიგაში გადადის და ამით საბაზისო დაფინანსების სახით 70 000 ლარს იღებს.
დავით და სანდრო ნოზაძის გაწვრთნილი გთსუ-ელებმა ნახევარფინალში დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა ჩინებული მეორე ნახევარი ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს – 71:66 (სტატისტიკა). არადა, სტუ-მ თამაში კარგად დაიწყო და მეორე პერიოდში 13 ქულითაც ლიდერობდა, თუმცა შესვენების შემდეგ გთსუ-მ თამაში გამოასწორა. გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა 24:8 მოიგეს და ამის შემდეგ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ.
გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია გიორგი დვალი, რომელმაც 28 ქულა მოინაგრა და ორმაგი დუბლის – 14 ქულისა და 11 მოხსნის ავტორი ირაკლი ჯებაშვილი. 11 ქულა როლანდ გილაურის ანგარიშზე დაგროვდა. დამარცხებულთაგან 14 ქულითა და 12 მოხსნით ვალერიან წულეისკირი გამოირჩა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს “სპორტუნი” და სეუ შეხვდებიან.