ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ევრო-2020-ის ნახევარფინალში იტალიასთან მარცხის მიუხედავად, მისმა ფეხბურთელებმა საუცხოოდ ითამაშეს.
მან ამის შესახებ ლონდონში „უემბლიზე“ „სკუადრა აძურასთან“ პენალტების სერიაში წაგების მერე ისაუბრა.
„ჩემს მოთამაშეებს ნიშნები რომ დავუწერო, ვფიქრობ მათ უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. ჩემი აზრით, მთელი თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ. პრეტენზია არ მაქვს, ფეხბურთელებს მხოლოდ შევაქებ. დროა მათ დაისვენონ.
მორატას კუნთი აწუხებდა, მაგრამ პენალტის დარტყმა მაინც სურდა, რაც ბევრს მეტყველებს მასზე როგორც ადამიანზე. მორატას ამ ტურნირზე ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
პროფესიულ სპორტში ყველამ უნდა ვისწავლოთ გამარჯვება და ღირსეულად წაგება. ამიტომ, მსურს იტალიის ნაკრებს მივულოცო. ესპანეთში იმის შეგრძნებით დავბრუნდებით, რომ ამ ტურნირზე საუკეთესოებს შორის ვიყავით“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
