ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ურთულეს დაპირისპირებას ელის გერმანიასთან, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრს აკრიტიკებენ.
მან ამის შესახებ დღეს ბუნდესნაკრებთან გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა:
„გერმანია ურთულეს ჯგუფში მოხვდა. მას ძალიან მაღალი დონის მეტოქეები ჰყავდა. ამ ფაქტმა ისინი დიდი მატჩებისთვის მაშინვე მოამზადა. გერმანელებს ასეთ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ: მათ რიგებში მსოფლიოს 4 ჩემპიონი თამაშობს. ასევე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გამოდიან. გერმანია შემდგარი გუნდია.
მართალია, გერმანიის ნაკრებზე ბევრ ნეგატიურ კომენტარს ვკითხულობ, თუმცა ვხედავ გუნდს, რომელიც კარგადაა მზად, იცის ტაქტიკურად რას აკეთებს და როგორც ერთი მთლიანი მოქმედებს. ვიცით, რომ უმძიმესი მატჩი გველოდება.
პენალტების სერია? თუ საქმე აქამდე მივა, მანამდე მაინც ბევრი ფეხბურთი იქნება. პირველ ყოვლისა, კარგად 90 წუთი უნდა ვითამაშოთ. თუ ეს საკმარისი არ იქნება, პიკფორდი თერთმეტმეტრიანების მოგერიებაში ძალიან კარგია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ჩვენთვის უდიდესი პლუსია.
ის ფაქტი, რომ მანამდე ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე პლეი-ოფის მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო საოცარია. ბოლო ოთხი წლის მანძილზე გუნდის შიგნით ამის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ. წინა ეპოქებში ნაკრებების ადრენდელ შემადგენლობებსა და მათ შედეგებს იხსენებდნენ. თუმცა, არ მინდა, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი ანალოგიურად იგრძნონ. ბევრი მათგანი დაბადებული არ იყო, როდესაც ის მატჩები ჩატარდა, რომლებზეც ვსაუბრობთ. ამას მათთან არავითარი კავშირი არ აქვს“ – ციტირებს ინგლისელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





