ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ესპანეთთან მატჩამდე ერთ-ერთი ლიდერ ივან პერიშიჩი გამოაკლდა.
ხორვატიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 32 წლის გარემარბს კორონავირუსი დაუდასტურდა და 10 დღით იზოლირებულია.
პერიშიჩმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა.
ხორვატია-ესპანეთის მატჩი 28 ივნისს კოპენჰაგენში “პარკენ არენაზე” შედგება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
