ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრეში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო.
მეტიც, დღეს ბათუმის ახალ არენაზე გამართულ აჭარულ დერბიში გია გეგუჩაძის გუნდმა ქულა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გადაარჩინა.
შეხვედრის 27-ე წუთზე, კახა კაკაშვილმა თავისი ნახევარდიან საუცხოო პასი გაუკეთა მიშიკო სარდალიშვილს, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ვლადიმერ მამუჩაშვილს აჯობა და ანგარიში გახსნა – 0:1.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ქობულეთელთთა კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო, რომელმაც ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1. მან ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში აიღო მეტოქეთა კარი და 10 გოლით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
63-ე წუთზე, ლევან ინგოროყვამ შორი მანძილიდან ძალიან ძლიერად დაარტყა – ბურთი ჯერ გიული მანჯგალაძეს შეეხო, შემდეგ ხარიხას და მეკარე ლაზარე კუპატაძეს მოხვდა, რის შემდეგ ბადეში აღმოჩნდა – 1:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ზარიამ საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.





