“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” არგენტინასთან 72 ქულით წააგეს

0
16

უმცროსი ბორჯღალოსნები „პუმიტასთან“ 50 წუთის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მისი ქულებში ასახვა ვერ მოახერხა და საბოლოოდ დაუმსახურებლად დიდი სხვაობით დამარცხდა.

კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული 16-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ჩვენმა 20-წლამდელებმა, რომელიც 2002-2003 წლებში დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, სტელენბოშში (სამხრეთ აფრიკა) 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველი შეხვედრა არგენტინის წინააღმდეგ გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2022 წელს უნდა აღდგეს და ჩვენმა გუნდმაც აქცენტი ერთი წლით უმცროს მორაგბეებზე ამის გამო გააკეთა, „პუმიტასმა“ სამხრეთ აფრიკაში 2001-2002 წლებში დაბადებული მორაგბეები ჩაიყვანა და ასაკში სხვაობა მეორე ტაიმში განსაკუთრებით საგრძნობი გახდა.

მანამდე, პირველი ტაიმი სრულად უმცროსი ბორჯღალოსნების იყო და სათამაშო დროის 77% მეტოქის ნახევარზე გაატარეს, ბურთის ფლობა კი 62% იყო. შესვენებამდე არგენტინელები 9-ჯერ დაჯარიმდნენ, ჩვენ მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ 3 ქულას დავჯერდით – პეტრე ხუციშვილმა ორი დარტყმიდან ერთი გაიტანა და მე-17 წუთზე საქართველო 3:0 დააწინაურა.

სხვა შემთხვევებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე ითამაშეს და ერთ ეპიზოდში მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოც ეკუთვნოდათ, თუმცა მსაჯს ეპიზოდი გამორჩა. სამაგიეროდ, შესვენებამდე სამჯერ დავუშვით შეცდომა და „პუმიტასმა“ ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე სამი ლელო გაიტანა – 3:21.

ამ პერიოდში ჩვენი ახალგაზრდები აგრესიულები იყვნენ დაცვაში და როცა მეტოქე ბურთს მიიღებდა, უკან ახევინებდნენ, ან შეცდომას აშვებინებდნენ. შეტევაში აქტიურობდა თორნიკე კახოიძე. მან რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრა ხაზი, თუმცა მიყოლამ დააგვიანა და ეპიზოდები გამოუყენებელი დარჩა.

უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე კიდევ ერთხელ დააჯარიმეს, დერეფნიდან მოლი დააყენეს და 44-ე წუთზე გიორგი მაისურაძემ საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. „პუმიტასმა“ მალე შეძლო საპასუხო მოლით ლელოს დადება, რასაც მორიგი შეცდომა მოყვა, არგენტინამ მეხუთე ლელო გაიტანა და თამაშიც საბოლოოდ გატყდა.

დარჩენილ დროში მეტოქემ კიდევ 7 ლელოს გატანა მოახერხა და 82:10 გაიმარჯვა. უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, საქართველოს დროით 15 საათზე ურუგვაელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

 

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში

პირველი რაუნდი

საქართველო – არგენტინა 10:82 (3:21)

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი, 11. ლუკა კვენეტაძე, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. ლუკა არჩვაძე;

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. დავით არველაძე, 6. ბექა გელხვიძე, 7. რატი ზაზაძე, 8. პაატა გალდავა.

მარქაფა: 16. დავით გველესიანი, 17. ნიკა ბაბუნაშვილი, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. კოტე იაშვილი, 22. ლაშა ცხოვრებაძე, 23. ვაჟა მიქაძე.

1 ლელო: გიორგი მაისურაძე

1 გარდასახვა: პეტრე ხუციშვილი

1 ჯარიმა: პეტრე ხუციშვილი

1 სინბინი: ალექსანდრე ბურდული