ევრო-2020-ის 1/8-ფინალში პირველმა იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა გააღწია.
A ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში რობერტო მანჩინის გაწვრთნილები რომის „ოლიმპიურ“ სტადიონზე შვეიცარიელებს შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩში პირველი გოლი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ჯორჯო კიელინიმ გაიტანა, მაგრამ დარტყმის შესრულებამდე იტალიელთა კაპიტანი ორ შვეიცარიელთა ორთაბრძოლის დროს ბურთს ხელით შეეხო, რაც მსაჯმა დააფიქსირა და ანგარიში არ გაიხსნა.
24-ე წუთზე, კიელინიმ ტრავმა მიიღო და ფრანჩესკო აჩერბიმ შეცვალა. კიელინიმ ევროპის ჩემპიონატებზე მე-14 თამაში ჩაატარ, რაც იტალიის ნაკრების ისტორიაში მინდვრის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.
26-ე წუთზე, მანუელ ლოკატელიმ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე მყოფ დომენიკო ბერარდის, რომელიც შვეიცარიელთა საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი დაუბრუნა ლოკატელის, ხოლო ამ უკანასკნელმა ზუსტად დაარტყა – 1:0.
52-ე წუთზე, შვეიცარიელთ საჯარიმოს ლოკატელიმ ბურთი ნიკოლა ბარელასგან მიიღო და იან სომერისგან მარცხენა დაბალ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 2:0. ლოკატელი კრისტიან ვიერის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
89-ე წუთზე, შეხვედრაში წერტილი ჩირო იმობილემა დასვა, რომელმაც შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით შვეიცარიელთა კარი აიღო.
იტალიამ ჯგუფში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ აპენინელებმა პირველ შეხვედრაში თურქეთს ასევე 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული მანჩინის ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ მიჯრით 29 მატჩი არ წააგო.
