ევრო -2020-ის A ჯგუფის მე-2 ტურში უელსის ეროვნულმა გუნდმა ბაქოში „ოლიმპიურ“ სტადიონზე თურქეთის ნაკრები ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და 1/8-ფინალში გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ბრიტანელებს უპირატესობა ორი ტაიმის განმავლობაში ჰქონდათ და დამსახურებულად გაიმარჯვესს.
42-ე წუთზე გარეთ ბეილმა საუცხოო პასით თურქების მეკარესთან პირისპირ არონ რემზი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მას მანამდე ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
61-ე წუთზე, თურქმა მცველმა თავის საჯარიმოში ბეილი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა, თუმცა ძალიან ცუდად – ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა.
მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე უელსელებმა კუთხური გაითამაშეს და ბეილი მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გასცდა, რის შემდეგ საჯარიმოში შესულმა ზუსტი პასი კარის წინ მდგომ კონორ რობერტსს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
უელსი პირველ შეხვედრაში შვეიცარიას დაუზავდა და 4 ქულა აქვს, რაც ფაქტობრივად პლეი-ოფში თამაშის გარანტიაა.
