იტალიის სამი გოლი პირველად და დამაჯერებელი სტარტი ევრო-2020-ზე

0
26

ევრო-2020-ის გახსნით მატჩში იტალიის ეროვნულმა გუნდმა რომის ოლიმპიურ სტადიონზე თურქეთის ნაკრებს 3:0 მოუგო.

რობერტო მანჩინის შეგირდების დიდი უპირატესობის მიუხედავად პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან 8 წუთში დომენიკო ბერარდი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გასცდა და გადაცემა გააკეთა – დემირალმა მკერდით ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტურნირის პირველი გოლი ავტოგოლი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, „სკუადრა აძურამ“ შენოლ გიუნეშის გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და სპინაცოლას დარტყმი შემდეგ, თურქების მეკარის მოგერიებულ ბურთს ჩირო იმობილემ ზუსტად დაამატა.

შეხვედრის ბოლო გოლი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა, რომელმაც იმობილეს კარგი პასი გამოიყენა და ერთი შეხებით ბურთს ადგილი ჩაკირის კარისს მარცხენა კუთხეში მიუჩინა.

იტალიელებმა მანჩინის ხელმძღვანელობით ზედიზედ 28 მატჩი არ წააგეს და ბოლო 9 შეხვედრაში გოლი არ გაუშვეს.

გახსნის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელი მცველი სპინაცოლა დაასახელეს.

აქვე გეტყვით, რომ არსებობის ისტორიაში იტალიამ ევროპის ჩემპიონატებში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა.

ლუიჯი დონარუმა 22 წლისა და 106 დღის ასაკში იტალიის ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა. მან ჯორჯო გეცის (23 წელი და 342 დღე) და ჯანლუიიჯი ბუფონს (24 წელი და 126 დღე) აჯობა.

დონარუმამ იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 27 მატჩი 11 გოლი გაუშვა და 16-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა.

იტალიელების კაპიტან ჯორჯო კიელინისთვის ეს ევროპის პირველობა კარიერაში მეოთხეა. ის ამ მაჩვენებლით მეკარე ჯიჯი ბუფონსა და თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთს ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებზე სასტარტო თამაში არასოდეს მოუგია.