საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მიაჩნია, რომ ამხანაგურ მატჩში სტუმრად რუმინეთის 2:1 დამარცხების მიუხედავად, მისმა გუნდმა წელს ყველაზე ცუდად ითამაშა.
ვილი სანიოლი: “რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.
არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს, შესაძლოა დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.
რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში.”
საქართველოს ნაკრებიდან რუმინეთის კარში გოლები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას სანიოლის შეგირდები 6 ივნისს ენსხედეში ევრო-2020-ის მონაწილე ნიდერლანდებთან ჩაატარებენ.
