სანიოლის პირველი გამარჯვება – საქართველომ რუმინეთთან ნავსი გატეხა

0
32

2 ივნისს გასამართ მატჩამდე საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ – ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ხოლო 5-ჯერ ამხანაგურად.

რუმინელებმა 6 თამაში მოიგეს და ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბალკანელებმა ქართველებს 19 გოლი გაუტანეს და 4 გაუშვეს.

ამ გუნდებს შორის ერთადერთი ფრე მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაფიქსირდა, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ქართველებმა 2001 წლის 6 ოქტომბერს ბუქარესტში რუმინელებთან 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან 2 შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო – 1996 წლის 24 აპრილს, იმავე ჩივაძის ხელმძღვანელობით სტუმრად 0:5 და 2016 წლის 3 ივნისს, ასევე გასვლაზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის თავკაცობით 1:5.

რუმინეთთან მატჩში კარში ადგილი ლაზარე კუპატაძემ დაიკავა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა.

დაცვის ცენტრში საბა კვერკველია და დავით ხოჭოლავა მოქმედებდნენ, მარჯვენა ფრთაზე გრიგოლ ჩაბრაძე მოქმედებდა, ხოლო – მარცხენაზე ირაკლი აზაროვი. ამ უკანასკნელსაც პირველ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი აბურჯანია, ბუბა დაუშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშობდნენ. ლევან შენგელია ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე მოქმედებდა, თორნიკე ოქრიაშვილი კი – მარცხენაზე. ოქრიაშვილმა თავისი კარიერის მანძილზე ნაკრებს პირველად უკაპიტნა.

განვლილ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა – გიორგი მიქაუტაძე.

კვერკველიამ, ხოჭოლავამ, დაუშვილმა, შენგელიამ, ოქრიაშვილმა და მიქაუტაძემ ფრანგი მწვრთნელის ფორმაციის გუნდში სასტარტოში პირველად ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა ტრავმის მიზეზით მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სასტარტო 3 თამაში – სტუმრად შვედეთთან და საბერძნეთთან, ხოლო შინ ესპანეთთან გამოტოვა.

იმავე საბაბით ნახსენებ შეხვედრებში ნაკრებში არც ხოჭოლავა იყო, კვერკველია კი სანიოლმა ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა.

რუმინეთთან შეხვედრა ტრავმების გამო გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვეს.

მატჩის დებიუტში აბურჯანიას გადაცემის შემდეგ, შენგელიამ ორიგინალურად ჩაჰკიდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, სადაც მყოფმა ოქრიაშვილს ახალო მანძილიდან „მაკრატელას“ ზუსტად დარტყმაში ხელი რუმინელმა მცველმა შეუშალა.

მანამდე, ოქრიაშვილმა კუთხური ჩააწოდა და აბურჯანიას თავურის მერე რუმინელ ფეხბურთელს ბურთი აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

28-ე წუთზე, განეამ მარცხნიდან ჩააწოდა ქართველების საჯარიმოში და კვერკევლიას მიერ თავით ცუდად მოგერიებული ბურთი ჰაჯიმ ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა.

36-ე წუთზე, ჰაჯიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და სტუმრები გოლის გაშვებისგან ხარიხამ გადაარჩინა, ამის შემდეგ შენგელიამ საჯარიმოდან გამოიტანა ბურთი, რომელიც იმავე ჰაჯის მიუვიდა და მისი გადაცემის შემდეგ კარის წინ მდგომმა ალიბეკმა დაარტყა – კუპატაძემ ქართველები იხსნა.

42-ე წუთზე ტანასემ განძრახ იდაყვი ჩაარტყა მკერდში ჩაბრაძეს, რის გამო, მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ტაიმის მიწურულს რუმინელების შეტევის დროს საქართველოს ნაკრების საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ხოლო საბოლოოდ ახლოდან ალიბეკმა ცუდად დაარტყა.

61-ე წუთზე, აზაროვის კარგი გრძელი პასის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილი მარცხენა ფლანგიდან რუმინელების საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კარგად დაუტოვა მიქაუტაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდიდან მალე კიტეიშვილი ისევ მარცხნიდან შევიდა მასპინძლების საჯარიმოში და სუსტად დაარტყა -ვლადმა ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა. ამ ეპიზოდში ოთარს პარტნიორისთვის პასის მიცემაც შეეძლო.

65-ე წუთზე, ბუდესკუს გრძელი პასის მერე საქართველოს ნაკრების ნახევარზე ბურთი ჰახიმ მიიღო, რომელმაც მოწინააღმდეგის საჯარიმოშო მოძებნა ივანი, ეს უკანასკნელი კი, კვერკველიასთან ორთაბრძოლაში წაიქცა. მსაჯმა პენალტ დანიშნა და კვერკველიას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. თერთმეტმეტრიანი ივანმა ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

71-ე წუთზე, აბურჯანია ორ რუმინელს გასცდა და  მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძეს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი პარტნიორს დაუბრუნა, ხოლო აბურჯანიამ ასევე ერთი შეხებით ახლოდან ნაკრებში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

78-ე წუთზე, რუმინელმა მცველმა თავისი ნახევრიდან მარჯვენა ფლანგზე სორესკუ მონახა, რომელმაც თავით ბურთი ქართველების საჯარიმოში ივანს უპასა და რუმინელთა ფორვარდმა კუპატაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.

რუმინელების გოლიდან დიდი დრო არ გასულა, რომ სტანჩუმ შორი მანძილიდან სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად გაისროლა.

ამას რამდენიმე წუთში ივანის მიერ ხელსაყრელი პოზიციიდან თავით უზუსტო დარტყმა მოჰყვა.

მატჩის მიწურულს ქართველების კონტრშეტევის დროს რუმინელების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გვილიამ დროული პასი მისცა ზივზივაძეს, რომელმაც აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა – მეკარისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება მოინდომა, რაც ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაში მოიგო.

სანიოლის შეგირდები მომდევნო ამხანაგურ თამაშს 6 ივნისს ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

რუმინეთი – საქართველო 1:2 (0:0)

2 ივნისი. პლოეშტი. ილიე ოანას სახელობის სტადიონი.

რუმინეთი: ვლადი, ალიბეკი (ივანი, 58), კირიკეში (კ), განეა, ჰაჯი (კეშერუ, 77), მარინი (სტანჩუ, 77), მაქსიმი (ბუდესკუ, 58), ნედელჩარუ, ოლარუ (ჩიკალდაუ, 57), სორესკუ, ტანასე.

მთავარი მწვრთნელი: მირელ რადოი

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (გვილია, 81), დაუშვილი, კვეკვესკირი (კიტეიშვილი, 57), შენგელია (ლობჟანიძე, 57), ოქრიაშვილი (კ) (კაშია, 66), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 81).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (71), 1:2 ივანი (78)

მარინმა 65-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – კარს ააცილა.

გაფრთხილება: კვერკველია (49), კვერკველია (64)

გაძევება: ტანასე (42), კვერკველია (64)

მთავარი მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)