მიქაუტაძე პირველი მოგებით ბედნიერია, აბურჯანიამ გოლი მეუღლეს მიუძღვნა

0
31

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი თამაში მოიგო.

ქართველებმა თავისთვის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს და მართალია ამხანაგურ მატჩში, მაგრამ რუმინეთს მაინც სძლიეს. მანამდე, ეს გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბალკანელებმა 6-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

განვლილ თამაშში სანაკრებო კარიერაში სადებიუტო გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანია,

თამაშის შემდეგ მიქაუტაძემ, აბურჯანიამ და დავით ხოჭოლავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთეს:

გიორგი მიქაუტაძე: “საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ”.

გიორგი აბურჯანია: “ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი”.

დავით ხოჭოლავა: “შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ, ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 ვიბრძოლეთ და რაც მთავარია გავიმარჯვეთ”.

მომდევნო შეხვედრას სანიოლის შეგირდები 6 ივნისს ენსხედეში ევრო-2020-ის მონაწილე ნიდერლანდებთან ჩაატარებენ.