თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და დამატებით დროში 2:1 დაამარცხა.
„ანორთოსისის“ სასტარტო შემადგენლობაში მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი, ასევე თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მოხვდნენ.
დაუშვილი, რომელმაც მე-15 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
შესვენებამდე ოქრიაშვილმა დაარტყა საჯარიმო სახიფათოდ და ბურთი მეკარემ მოიგერია. ასევე, მეტოქის კარს ორჯერ ქვილითაია დაემუქრა, რომლის თავური დარტყმების მერე, ერთხელ ბურთი კარს აცდა, ხოლო მეორედ „ოლიმპიაკოსის“ გოლკიპერს ხელებში მიუვიდა.
„ანორთოსისმა“ ანგარიში 59-ე წუთზე გახსნა, როდესაც ოქრიაშვილმა მარცხენა ფლანგზე ფეხებში ვარდნით მეტოქეს ბურთი აართვა და ქვილითაიას გადააწოდა, რომელმაც ჰუშბაუერი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელის გადაცემის მერე გუნდის კაპიტანმა არტუმატასმა „ცხრიანში“ გაიტანა.
„ოლიმპიაკოსმა“ საპასუხო გოლი ორ წუთში გაიტანა, როდესაც ფანელმა სარფომ საუცხოო სოლო რეიდი შეასრულა და ახლო მანძილიდან ლორიას კარი აიღო.
67-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, მეტოქის კარის წინ მარტო მყოფმა ქვილითაიამ ვარდნაში დაარტყა და ბურთი მეკარემ უკუაგდო.
110-ე წუთზე „ანორთოსისის“ შეტევის დროს კამერუნელი ჩარკზ ელოუნდიუს დარტყმის მერე ბურთი მეკარემ მოიგერი, ხოლო ქვილითაიამ ახლო მანძილიდან დარტყმით აიღო და „ანორთოსისს“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოაგებინა.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ კამერუნელის დარტყმის მერე ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ საბოლოოდ გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდს ჩაუთვალეს.
ქეცბაიას ხელმძღვანელობით “ანორთოსისმა” თასი მეორედ მოიგო. პირველად ეს 2006-2007 წლების სეზონში შეძლო.
გარდა ამისა, ქართველმა სპეციალისტმა ფანაგუსტელებს 2004-2005 და 2007-2008 წლების სეზონებში კვიპროსის ჩემპიონატში გაამარჯვებინა.
“ანორთოსისმა” არსებობის ისტორიაში კვიპროსის თასი მეთერთმეტედ მოიპოვა.
