„მანჩესტერმა“ „ლივერპულთან“ ჩაშლილი მატჩის შესახებ განცხადება გაავრცელა

0
23

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ლივერპულთან“ ჩაშლილი მატჩის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

გუშინ, „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ შეხვედრამდე მანჩესტერელი გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე შეიჭრა, ხოლო ნაწილი მის გარეთ დარჩა და კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახის „იუნაიტედიდან“ წასვლას მოითხოვდნენ.

„პოლიციასთან, პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდეგ, „ლივერპულთან“ გასამართი მატჩი გადაიდო, რათა პროტესტის ფონზე უსაფრთხოება შეგვენარჩუნებინა.

პრემიერ ლიგასთან კონსულტაციის შემდეგ თამაში ჩატარების ახალი თარიღი დადგინდება.

ჩვენი ფანები კლუბს გულმხურვალედ ქომაგობენ და ვაღიარებთ, რომ მათ თავისი აზრის გამოხატვისა და მშვიდობიან პროტესტის უფლება აქვთ.

უბრალოდ, ვწუხვართ, რომ მომხდარის გამო სხვა გულშემატკივრები, სტადიონის მუშაკები და პოლიცია საფრთხეში ჩავარდნენ.

სამართალდამცავებს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის და მათ გამოძიების პროცესში დავეხმარებით“ – ნათქვამია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ განცხადებაში.