მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში შინ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა.
მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში „რეალის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ქუსლით დარტყმის მერე გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე ტონი კროოსმა საჯარიმოდან სტუმართა კარი მეორედ დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ საჯარიმო დარტყმის მერე „ბარსელონას“ გოლი 2000 წლიდან პირველად გაუტანა. მე-60 წუთზე „ბარსადან“ ერთადერთი გოლი მინგესამ მიითვალა.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი შეგირდებმა ჩემპიონატში პირველი „ელ კლასიკო“ სტუმრად 3:1 მოიგეს.
ყველა ტურნირის გათვალისწინებით „რეალმა“ ზედიზედ სამ „ელ კლასიკოში“ გაიმარჯვა, რაც ბოლო 43 წლის მანძილზე პირველად მოხდა. მანამდე, ასეთი რამ „სამეფო კლუბმა“ 1977-1978 წლების სეზონში შეძლო.
გარდა ამისა, 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველად „რეალმა“ ერთი სეზონის განმავლობაში „ბარსელონას“ ორივე შეხვედრა მოუგო. მაშინ, გუნდს გერმანელი ბერნდ შუსტერი წვრთნიდა.
ზიდანის გაწვრთნილებს ყველა ტურნირზე ზედიზედ 13 თამაშია არ წაუგიათ – 11 გამარჯვება და 2 ფრე.
გუშინ, ყველა ტურნირზე „ბარსელონას“ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. აქვე გეტყვით, რომ „რეალთან“ დაპირისპირებამდე ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს რონალდ კუმანის გაწვრთნილები გასული წლის დეკემბერში ამარცხდნენ. მეორე „ელ კლასიკომდე“ მათ 19 თამაში არ წაუგიათ.
ბენზემა „ელ კლასიკოებში“ მე-10 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „რეალის“ ექსფორვარდ მექსიკელ უგო სანჩესს დაეწია. მასზე მეტჯერ „ბარსელონას“ კარი მხოლოდ დი სტეფანომ და კრიშტიანო რონალდუმ აიღეს – 18-18 გოლი.
ბენზემამ გუშინ „ელ კლასიკოებში“ 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მან საერთო ჯამში, „ბარსელონასთან“ ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლთან ერთად 9 საგოლე პასი მიითვალა. მან ამ სეზონში ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 თამაშში გაიტანა და 19 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა – პირველი მესია 23 გატანილი ბურთით.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ კაპიტან არგენტინელ ლიონელ მესის ბოლო 7 „ელ კლასიკოში“ „რეალისთვის“ გოლი არ გაიუტანია. მან „სამეფო გუნდის“ კარი ბოლო 2018 წლის მაისში აიღო. სხვათა შორის, მესიმ 45-ე “ელ კლასიკო” ჩაატარა და ამ მაჩვენებლით “რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს გაუთანაბრდა, რომელმაც გუშინ ტრავმის გამო არ ითამაშა.
