რუსები ოცდამეორედ დავჯაბნეთ

0
33

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და პრინციპული მოწინააღმდეგე დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ქართველებმა აქტიურად შეუტიეს. ვასილ ლობჟანიძემ ინდივიდუალური ოსტატობით ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა. მალე რუსები დაჯარიმდნენ, აბჟანდაძე ჯარიმიდან ამჯერადაც ზუსტი იყო და სხვაობა ათამდე გაიზარდა.
რუსები არ გაჩერებულან და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულდა, გარდასახვა გაისინმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 10:7 გახდა. ამის შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – თამაში 16:7 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ მეცხრამეტედ, სულ კი 22-ედ დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ჩემპიონები გახდნენ. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ტიტული ჩაიბარა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გაინაღდა პარიზში პორტუგალიის დამარცხებით.

საქართველო 16:7 რუსეთი
ლელო: ლობჟანიძე (47), ფედეტკო (61)
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.