ბორჯღალოსნები – გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

0
39

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის 30 ბორჯღალოსანს უხმო.
თამაში 7 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.
ერთი კვირის წინ ბელგიასთან ქუთაისში მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. პირველად ოფიციალურად გაფართოებულ რაზმშია 20-წლამდელთა ნაკრებისა და ქუთაისის ‘აიას’ შუამარბი ლაშა ლომიძე (იხ. მთავარი ფოტო), რომელიც ამჟამად საფრანგეთში უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად იმყოფება და განვითარებად საფრანგეთთან 1 მარტს გასამართი, ორ მატჩიანი სერიის მეორე საკონტროლო თამაშისთვის ემზადება. თუ ლომიძე პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს, მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.
უმცროსი ბორჯღალოსნებიდან გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ორი მორაგბეა – კვაჭი ვანო კარკაძე და შუამარბი დემე თაფლაძე. თაფლაძე ჩვენი 20-წლამდელების კაპიტანია და ბორჯღალოსნებში დებიუტი ერთი კვირის წინ, ბელგიასთან ჰქონდა, რის შემდეგაც საფრანგეთში ილია მაისურაძის შეგირდებს შეუერთდა. გაფართოებულ შემადგენლობაშია თორნიკე ჯალაღონია, რომელიც ეროვნულ გუნდთან ერთად ბელგიასთან სათამაშოდ ემზადებოდა, თუმცა 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა და მისი დებიუტი გადაიდო.
„ეს არის შემადგენლობა, რომელიც უშუალოდ პორტუგალიასთან მატჩისთვის მოემზადება. ლაშა ლომიძე დიდი ხანია ჩვენი თვალთახედვის არეშია. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრების შეკრებამდე 20-წლამდელებს ფრანგული ტურნე უკვე დასრულებული ექნებათ, ის ჩვენთან ერთად იქნება გაფართოებულ შემადგენლობაში და მოხვდება თუ არა 23-კაციან განაცხადში, მერე გადაწყდება“ – ამბობს მაისაშვილი.
წინა მატჩისგან განსხვავებით, გაფართოებულ რაზმში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. გუნდს უბრუნდებიან გამოცდილი ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, ასევე 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე. საკუთარ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ასე ხსნის:
„აქ ახალგაზრდების მიმართ ნდობაზე საუბარი არაა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გუნდი დიდხანს გვყავდეს ერთად. თუ წინა ტურში გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკრების გამოცდილი მორაგბეები კლუბებისთვის დაგვეთმო და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსი მიგვეცა, ახლა ვთვლით, რომ საჭიროა ამ ბიჭების დამატება. მოკლევადიანი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხარისხიანი თამაშით მოგებაა, თუმცა გვაქვს გრძელვადიანი მიზნებიც. 10 დღით ადრე მოთამაშეებს ვერც ზაფხულის და ნოემბრის ტესტებისთვის ვიძახებთ, ამიტომ, გვსურს რომ მანამდე გუნდი იყოს შეთამაშებული და დავხვეწოთ ჩვენი სქემები“.
საქართველოდან ბორჯღალოსნები საფრანგეთში ორ ნაწილად, კვირას მიემგზავრებიან, სადაც მათ ლეგიონერები შეუერთდებიან:
„მოთამაშეთა ნაწილი საფრანგეთში კვირას დილით, ხოლო მეორე ნაწილი ღამით მიემგზავრება. მორაგბეები ნაკრების გარდა კლუბებს ეკუთვნიან და მათ ნაწილს თამაშები აქვთ ჩასატარებელი. ისინი ორშაბათის დილის ვარჯიშზე არ გვეყოლებიან, თუმცა სჯობს კლუბების შემადგენლობაში ითამაშონ და ორშაბათს საღამოს, ვიდეო-ანალიზებზე უკვე ჩვენთან იქნებიან“ – გვიყვება მაისაშვილი.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

რაგბი ევროპა 2020