ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი სესია დასრულდა და საპასუხო მატჩებს უნდა დაველოდოთ. იქამდე კი, „მანჩესტერ სიტიმ“ მეოთხედფინალზე ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ხოლო ტურინის „იუვენტუსმა“ ნაბიჯი უკან გადადგა და შინ ვითარების მისთვის სასიკეთოდ შემოტრიალება მართებს.
სამწვრთნელო ასპარეზზე პეპ გვარდიოლა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ პირველად შედგა. „რეალს“ ბოლო ხანს ცუდი მატჩები დასჩემდა და რეაბილიტაციის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, უეფას ბანმა ინგლისურ გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა. „სიტი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმეტესად დომინირებდა და გამარჯვებაც ლოგიკას ექვემდებარება.
გვარდიოლას შეგირდებს არაერთი საგოლე შანსი მიეცათ, მაგრამ ტიბო კურტუა გაუვალი იყო. სამაგიეროდ, მე-60 წუთზე სტუმრებმა შეცდომა დაუშვეს და ანგარიშიც გაიხსნა. ვინისიუსმა ისკო კარგ პოზიციაში დატოვა და ესპანელმა ზუსტად დაარტყა. თუმცა, გაშვებულმა გოლმა „სიტი“ არ დააბნია და პირიქით – ფრთები შეასხა.
მატჩის გმირი უსათუოდ კევინ დე ბრუინი იყო, რომელმაც 78-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსს საგოლე პასი გაუკეთა და ბრაზილიელმა გაათანაბრა, ხოლო ხუთ წუთში რაჰიმ სტერლინგის მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და მანჩესტერელებს გამარჯვება მოუტანა. ამას სერხიო რამოსის წითელი ბარათიც მოჰყვა, რომელიც საპასუხო მატჩს გამოტოვებს და „რეალის“ მძიმე მდგომარეობას, ეს კიდევ უფრო ართულებს.
პეპ გვარდიოლა ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო. გარდა ამისა, ესპანელმა პლეი ოფის სტადიაზე 28-ე გამარჯვება იზეიმა და გალიდერდა.
„მანჩესტერ სიტიმ“ „რეალი“ მეხუთე ცდაზე დაამარცხა და „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ისტორიაში პირველად იმარჯვა.
„იუვენტუსი“ „ლიონთან“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ „იუვემ“ ისე წააგო, რომ კარში არ დაურტყამს და ერთი-ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა.
„ლიონმა“ კი, პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაჩაგრა და 31-ე წუთზე ლუკას ტუსარის გოლით იმარჯვა. რუდი გარსიას გუნდს ანტრაქტამდე კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ შანსი ვეღარ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში „ლიონმა“ თავი კარგად დაიცვა და მართალია მინიმალური, მაგრამ მაინც უპურატესობა მოიპოვა.
„მანჩესტერ სიტისა“ არ იყოს, „ლიონმაც“ მეხუთე ცდაზე პირველად მოიგო „იუვენტუსთან“. იმასაც გეტყვით, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წლის შემდეგ მესამე მატჩი ჩაატარა ისე, რომ კარში არ დაურტყამს. მანამდე იგივე 2006 წელს „არსენალთან“ და 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ მოხდა. მაურიციო სარის საფიქრალი ბევრი აქვს…