გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერზმა” შინ “შარლოტ ჰორნეტსი” 119:80 გაანადგურა. გოგამ პარკეტზე 11 წუთი დაჰყო და გუნდს ხუთი ქულა, ოთხი მოხსნა, თითო პასი–ჩაჭრა შესძინა. გოგამ ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინდიანაპოლისელები მატჩის სტარტზე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა წინ იყვნენ. ლიეტუველმა დომანტას საბონისმა 21 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. მეფარე უორენს 19 ქულა ჰქონდა.
“ინდიანა” 34 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში “ინდიანა” შინ “პორტლენდს” დაუპირისპირდება.