კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთილმა თბილისის „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და სამი ქულა აიღო.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ნიკოლოზ დადიანმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა მე-17 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხნიდან საჯარიმოსკენ შეწეული ჯერ ბრაზილიელ პირესს გაცდა, შემდეგ დავით ბუკიას, რასაც შორეულ კუთხეში ეფექტრუი მოჭრილი დარტყმა მიაყოლა – 1:0. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ზაფხულში შეუერთდა და პირველი გოლი გაიტანა.
27-ე წუთზე დადიანის დაახლოებით 30 მეტრიდან „გასროლის“ შემდეგ ოთო გოშაძეს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც შემდეგ ფეხით ლუკა ლაცაბიძეს მოახვედრა და ტყავის სფერო გვერდით ძელს შეეხო, ხოლო ამირან ძაგანიამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 35-ე წუთზე „იბერიას“ კაპიტანმა მარცხენა მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ მცირე დისკომფორტი იგრძნო და ფრანგმა ჟან-მარკ ტიბუემ შეცვალა.
მე-40 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ძალიან კარგი პასი გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში გახსნილ გიორგი ბერიძეს, რომელიც დავით ბუკიას გაექცა და თბილისელთა მაისურით თავი პირველად გამოიჩინა – 3:0. ტაიმის ბოლო წუთზე დადიანის მორიგი შორეული დარტყმის მერე, გოშაძემ ხელში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელსაც ძაგანიამ ვარდნაში კარში ადგილი მიუჩინა, მთავარმა მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გოლი არ ჩათვალა, რადგან ძაგანიაზე თამაშგარე დაფიქსირდა. შესვენებაზე, ლუქსემბურგელი მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი ხორვატმა ფილიპ ჩანჩარმა ჩაანაცვლა. შესვენებაზე „ტორპედოს“ გერმანელმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა 4 ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი არაბიძე.
49-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ თავის საჯარიმოში პასი მეკარე გიორგი მაკარიძეს გაუკეთა და ბურთი დიეგო დეისაძე „ჩააბარა“, რომლის გადაცემით ვლადიმერ მამუჩაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, ცოტა ხანში, „იბერიამ“ კუთხური ჩააწოდა და ძაგანიას თავურის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმის შუაწელში ძაგანიამ თავის ნახევარზე ცუდად დაუბრუნა ბურთი პარტნიორს, რომელიც დიეგო დეისაძემ ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – თბილისელები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
68-ე წუთზე ნოდარ ლომინაძმ ბურთი დადიანს მასპინძლების საჯარიმოს სიახლოვეს აართვა და მამუჩაშვილს გადააწოდა, რომელმაც პირესი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი 16 მეტრიდან მაკარიძეს შანსი არ დაუტოვა – 3:2. 89-ე წუთზე პირესის გადაცემის შემდეგ, ცოტნე ნადარაიამ „იბერიას“ საჯარიმოში სამ მცველს შორის საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით დაარტყა, მაგრამ მაკარიძემ საიმედოდ ითამაშა.
იბერია 1999 3:2 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





