თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგაზე ერთი დღის გამოტოვებით ორი მატჩი გამართა რუსეთში. ჯერ სანკტ-პეტერბურგში “ზენიტთან” ითამაშა (66:72), შემდეგ, 17 იანვარს ცსკა-სთან.
მეორე მატჩში ბასკებმა მესამე პერიოდის ბოლო მონაკვეთი ჩააგდეს, 17 ქულით ჩამორჩნენ და მეოთხე პერიოდში სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლეს. მართალია, სირენამდე წუთით ადრე საქართველოს ნაკრების ამერიკელმა მეტ ჯენინგმა სამქულიანით სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა (83:88), მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ არმიულმა კლუბმა 94:90 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ 33 წუთში 12 ქულა, 5 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. მეტ ჯენინგმა – 12 ქულა. მატჩის ბომბარდირი კი 33 ქულით ექს-ბასკონიელი მაიკ ჯეიმსი გახდა.
ბასკონიას 7 მოგება, 13 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ისევ რუსულ კლუბ “ხიმკისთან”, შინ ვიტორიაში გამართავს.