ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტისკენ – ნაწილი XII

0
74

ვაგრძელებთ პროექტს “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2021-სკენ” რომელიც კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით დაიწყო და პირველი ეტაპი 20 თებერვალს დასრულდება.

2004 წელს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. სწორედ ამ წელს გამოჩნდნენ გუნდში ჭაბუკები გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ლაშა გამყრელიძე. მათ დაემატნენ ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ერთიც ამერიკელი და მივიღეთ მომავლის ნაკრები.

თუმცა 2004-ში ქართველებს უკვე გვქონდა პრეტენზია ევრობასკეტზე. რომ არა ფიბა-ს ხელმძღვანელობის მიერ ნაკრებების ორ დივიზიონად გაყოფა, ეგებ ევროპის ჩემიონატზე 2000-იან წლებშიც მოვხვედრილიყავით.

AIR GEORGIA

ვიქტორ სანიკიძე

2004 წელს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ვიქტორ სანიკიძეს – პირველი მატჩი იტალიაში, ბრმიოს ტურნირზე რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო ამხანაგური თამაში, ოფიციალური შეხვედრა კი ვიქტორმა ორი წლის შემდეგ, 2006-ში ჩაატარა. 2004 და 2005 წლებში მისი არყოფნის მიზეზი ტრავმა და ოპერაციები იყო.

2008 წლამდე საქართველოს ნაკრებში მწვრთნელები თითქმის ყოველწლიურად იცვლებოდნენ, შედეგი კი არ გვქონდა, ორჯერ ვცადეთ B  დივიზიონიდან ამოძრომა, მაგრამ ერთხელაც  ვერ მივაღწიეთ მიზანს.

 2008 წელს იგორ კოკოშკოვი ჩამოვიდა, – მოგვითხრობს ვიქტორ სანიკიძე, – მაშინ საქართველოში ომი იყო და საშინაო შეხვედრები სტუმრად ჩავატარეთ. მწვრთნელმა ასეთ პირობებში დაიწყო, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიეთ, შემდეგ შესარჩევიც კარგად ვითამაშეთ და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ევრობასკეტსაც მივაღწიეთ.

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ყველას დაანახა, რომ ასეთ ფორუმზე შემთხვევით არ მოხვედრილა:

– 2011 წელს პირველად ვითამაშეთ ევრობასკეტზე და პირველივე ცდაზე ჯგუფიდან გავედით. ეს დღეები საქართველოში არასოდეს დაავიწყდებათ, ყველა კალათბურთზე ლაპარაკობდა, ქვეყანაში გმირებად ვიქეცით. ოქროს დრო იყო.

მას მერე ჩვენს გუნდს გამოცდილება ემატებოდა, ევროპაში ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ძალად იქცა და ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატებზე. მეოთხედ 2016 წელს მოიპოვა ევრობასკეტის საგზური, თანაც როგორ – მონტენეგროში ადგილბრივი გუნდი დაამარცხა და შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მის 30-წლიან ისტორიაში. ეს გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ბოლო წუთებზე ვიქტორ სანიკიძის ძალიან შორიდან ჩაგდებულმა სამქულიანმა…

– ჩემთვის, მონტენეგროსთან მატჩი დაუვიწყარია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადამწყვეტი სამიანი ჩავაგდე, უბრალოდ შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თან მეტისმეტად სანახობრივი და რაც მთავარია, ხარისხიანი შეხვედრა გამოვიდა. ხარისხს კი ორივე მხარეს NBA-სა და ევროლიგის წამყვანი კალათბურთელების თამაში განაპირბებდა. რაც შეეხება, შორეულ სამქულიანს, ზოგის აზრით, არ უნდა მესროლა, მაგრამ როდესაც მოედანზე ხარ, ბურთს მიიღებ და ტყორცნას გადაწყვეტ, თუ არ გჯერა, რომ ჩააგდებ, მიზანსაც ვერ მიაღწევ. მჯეროდა, რომ ბურთი კალათში ჩაეშვებოდა და ამიტომაც ვისროლე.

ვიქტორ სანიკიძეს იტალიაში AIR GEORGIA (მფრინავი ქართველი) შეარქვეს. იგი მოედანზე ეფექტური ჩატენვებით, მოხსნებით, დაფარებებით გამოირჩეოდა, თუმცა იყო კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც მას სხვებისგან განასხვავებდა – წვერი.

– ახლა წვერი ძალიან პოპულარულია. სიმართლე გითხრათ, წინასწარ ნამდვილად არ დამიგეგმავს ასეთი ზომის წვერის ტარება. 2013 წელს, “სარაგოსაში” ვთამაშობდი, ცოტა რომ წამომეზარდა, გაპარსვა გადავწყვიტე, მაგრამ ნოემბერი იყო და სწორედ მაშინ დაიწყო აქცია “არ გავიპარსოთ ნოემბერში”. მეც შევუერთდი და დღემდე ასე ვარ.

 

დავით საყვარელიძე

ვიქტორ სანიკიძის უახლოესი მეგობარია დავით საყვარელიძე, რომელთან ერთადაც ვიქტორი ამერიკაში, “გლობ კოლეჯში” თამაშობდა.

დათო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში საკვანძო ფიგურა იყო, მას წესითა და რიგით, ეროვნულშიც ბევრი უნდა ეთამაშა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო (მათ შორის ტრავმა), ეს ვერ მოახერხა.

თუმცაღა, დათოს საინტერესო კარიერა ჰქონდა – საქართველოს გარდა გამოდიოდა საფრანგეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ “შალონში”, გაიარა რამდენიმე ამერიკული კოლეჯი…

 

გიორგი მდივანი

 საქართველოს ნაკრებში 2005 წელს მოვხვდი, – იხსენებს გიორგი მდივანი, – მაშინ ჯერ ფინეთს დავუპირისპირდით, შემდეგ მაკედონიასა და ლუქსემბურგს. ბოლო ორი მატჩი თბილისში გავმართეთ და დღესაც არ მავიწყდება ის ემოცია, რაც საქართველოს ნაკრების შეხვედრებს თან ახლდა. ეს ემოცია გულშემატკივრისგან მოდიოდა და კალათბურთელებზე გადმოდიოდა.

გიორგი მოძრავი მეფარე გახლავთ, ევროლიგაზეც აქვს ნათამაშები ფრანგულ “პო ორტეზში”. მან კარიერა სწორედ საფრანგეთში დაიწყო და დღემდე ლეგიონერია. ამჟამად ლუქსემბურგში ცხოვრობს.

 

გიორგი მარხვაშვილი

ინტელექტუალური გამთამაშებლები მსოფლიოშიც ძალიან ფასობენ და საქართველოშიც. სწორედ ასეთი იყო გიორგი მარხვაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში სულ ორი მატჩი გამართა.

მისი კარიერის საუკეთესო წლები ეროვნული გუნდის გარდამავალ ეტაპს დაემთხვა. საქართველოს ჩემპიონატში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოირჩეოდა. ჩვენმა ნაკრებმა კი 2001 წლის შემდეგ პირველი მატჩი 2004-ში გამართა.

ასეთი პაუზის გამო ბევრი კარგი კალათბურთელი ვერ მოხვდა ნაკრებში, ან მოხვდა, მაგრამ ცოტა ითამაშა.

2004-დან გამთამაშებლის პოზიციაზე უკვე გიორგი ცინცაძე გამოჩნდა, მთავარი პლეიმეიქერი კი NBA-მოვლილი შემონდ უილიამსი იყო.

 

ზვიად ბაბიაშვილი

ზვიად ბაბიაშვილი საქართველოს ნაკრების შეკრებებზე 2000 წლიდან ხვდებოდა, თუმცა მასაც სერიოზული კონკურენციის დაძლევა უწევდა – მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ხომ საქმე ასარჩევად გვქონდა, ვლადიმერ ბოისა უკონკურენტო იყო. ნიკა ცქიტიშვილი? ვიქტორ სანიკიძე?

ბაბიაშვილმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად არაერთხელ დასახელდა, ნაკრებში ბოლოს 2007 წელს ითამაშა. მომდევნო წელს ეროვნულში უკვე თორნიკე შენგელია გამოჩნდა…