„ინდიანა პეისერსმა“, რომელშიც გოგა ბითაძე გამოდის, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „მინესოტასთან“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა და ისევ აჯობა.
ამჯერად, ინდიანელები მეტოქეს შინ დაუპირისპირდნენ და 116:114 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 10 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო და 5 ქულა დააგროვა.
მან ორი ორქულიანი გამოიყენა და ორიდან ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ხოლო ერთი სამქულიანი გააცუდა. გარდა ამისა, 20 წლის ბითაძემ ერთი მოხსნაც მიითვალა.
მასპინძლებში ყველაზე შედეგიანი ტიჯეი უორენი იყო, რომელმაც თავი 28 ქულას, 5 მოხსნასა და 2 ზუსტ პასს მოუყარა. სტუმრებიდან ტრავმამოშუშებული მეფარე კარლ ენტონი თაუნსი 27 ქულით გამოირჩა.
„ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ბითაძის გუნდს 42 მატჩში 27 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. „ინდიანა“ მომდევნო თამაშს 20 იანვარს სტუმრად „დენვერ ნაგეთსთან“ გამართავს.