უეფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გააკრიტიკა ფიფა-ს ქმედებები და განაცხადა, რომ ეს მას მაფიოზური ორგანიზაციის ქმედებებს აგონებს. მან აგრეთვე შეთქმულებაში დაადანაშაულა ფიფა, უეფა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო.
„ვერ ვიტან უსამართლობას, ვეღარ ვიტან. ფიფა და CAS მაფიასავით მოქმედებენ. მე ეს შიგნიდან მაქვს ნანახი. მეგობრების ეს დაჯგუფება იმას აკეთებს, რასაც უნდა. ისინი არავის ემორჩილებიან. ფიფა-ს იურისტები, უეფა და CAS – ეს რეალურად ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც პატარა შვეიცარიაში ცხოვრობენ და გამუდმებით ურთიერთობენ ერთმანეთთან“, – აცხადებს პლატინი.
მან აგრეთვე ბრალი დასდო ფიფა-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას იმაში, რომ მას 2016 წელს არ მისცეს ორგანიზაციის პრეზიდენტად გახდომის უფლება.
„მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს აიძულონ, გაქრეს საფეხბურთო ცხოვრებიდან. ამ შემთხვევაში ეს მე შემემთხვა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა მე პრეზიდენტი არ გავმხდარიყავი“, – განაცხადა პლატინიმ.
2015 წლის შემოდგომაზე, პლატინი შვიდი წლით ჩამოაშორეს ნებისმიერი სახის საფეხბურთო საქმიანობას კორუფციული სკანდალის გამო. უეფა-ს ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად ედება 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მიღება ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტისგან იოზეფ ბლატერისგან.
2019 წლის ნოემბერში, პლატინიმ უეფა-ს სასამართლოში უჩივლა. იგი ორგანიზაციისგან 7,2 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვს.
2019 წლის დეკემბერში კი, ფიფამ პლატინისა და ბლატერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია მათგან 1,8 მილიონ ევროს მოითხოვს.
