თბილისის “დინამო” ბერლინში ვიცე-ჩემპიონი გახდა

0
39

თბილისის „დინამომ“ ბერლინის ლეგენდათა ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას. მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში ტროფეის მოსაგებად ერთმანეთს თბილისის “დინამო” , დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი”, “შალკე 04”, ბერლინის “ჰერტა”, “უნიონ ბერლინი” და “ტენის ბორუსია”, ბრემენის “ვერდერი”  ეცილებოდნენ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ „ჰერტასთან“ დამარცხდა.
ბერლინელებმა პეტერ ნიმეიერისა და კრისტიან ხიმენესის გოლებით თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რასაც ალექსანდრე იაშვილის გოლი მოჰყვა, მაგრამ პალ დარდაიმ, სეად სალიჰოვიჩმა და მარსელ ნჯენგმა „ჰერტას“ უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარეს. მატჩის ბოლო წუთზე ლევან ცქიტიშვილმა შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:5.
ფინალამდე „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე „ლევერკუზენი“ (4:2) და „შალკე“ 6:3 დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ 2:3 წააგო. შედეგად, 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ბრემენის „ვერდერთან“ მოსინჯა ძალა.
ბრემენელებთან თბილისურმა გუნდმა შესანიშნავად ითამშა და მეტოქეს 5:2 აჯობა. ამ შეხვედრაში კახა კალაძე ჰეთ თრიქით, ალექსანდრე იაშვილი კი დუბლით გამოირჩა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ალექსანდრე იაშვილმა მიიღო, რომელიც 8 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდის ჯილდოსაც დაეუფლა. გიორგი ლომაია კი რომან ვაიდენფელერთან ერთად საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
თბილისის “დინამოს” შემადგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი.
“ძალიან კარგი ტურნირი იყო, რომელშიც “დინამომ” წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია, ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ”,- განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დასრულების შემდეგ.