ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნული ინფორმაცია აბუსერიძემ ტელეკომანია “იმედის” ეთერში დაადასტურა:
„არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ და კანდიდატურას ახლო მომავალში წარვადგენ. არ დაველოდები 25 რიცხვს, რომ ვიღაცეებს კომფორტი არ შევუქმნა.
წინა არჩევნებში ორი კანდიდატი ვიყავით. დავსხედით, ერთად გავიარეთ და დღის წესრიგი ასე შედგა. ახლა კი დასხდნენ და როგორც აწყობდათ, ისე მოირგეს. ჯერ კლუბების ხმებია გადასამოწმებელი, იმიტომ, რომ ზოგს დააკლეს, ზოგს – მოუმატეს.
ოთხი წლის განმავლობაში ბევრი უსამართლობა ხდებოდა. რაგბი როგორც ვითარდებოდა, ეს გულშემატკივარმა და მთელმა საქართველომ იცის. წავა ახლა აქტიური ფაზა, უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენც მოგაწვდით და გულშემატკივარიც გაიგებს”.
სადღეისოდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზინტობის 3 მსურველია: ირაკლი აბუსერიძე, ბაჩო ხურციძე და გოჩა სვანიძე.
არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.
