ბითაძის საოცარი მატჩი G ლიგაში: 25 ქულა, 20 მოხსნა, 8 დაფარება

0
31

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე უკვე მესამედ გაანათხოვრა NBA-ს G ლიგის ბინადარ ფორტ ვეინ რედ ანტსში და ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც ორმაგი დუბლი შეასრულა.

მეტიც, გოგას მხოლოდ 2 დაფარება დააკლდა, რათა განვითარების ლიგაში ჩიკაგოს წარმომადგენელ ვინდი სიტის ბულსთან უიშვიათესი ტრიპლ-დაბლი დაეფიქსირებინა. ცხადია, უიაშვიათესს იმ სამმაგ დუბლს ვუწოდებთ, როდესაც ერთ-ერთი კომპონენტი მინიმუმ 10 ბლოკშოტია. ფორტ ვეინმა საგარეო მატჩი 112:120 წააგო, ბითაძემ კი 44 წუთში 25 ქულა, 20 მოხსნა (7 შეტევაში), 8 დაფარება, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 10 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

გამორჩეული თამაში ჰქონდა პეისერსიდან მედ ანტსში ასევე დროებით განათხოვრებულ ალიზ ჯონსონს, რომელმაც 22 ქულას 20 მოხსნა და 7 პასი წაამატა.

სხვათა შორის, ვინდი სითიში ითამაშა ბითაძის მეგობარმა ადამ მოკოკამ, ფრანგმა უკანახაზელმა, რომელთან ერთადაც ჩვენებური სერბულ მეგა ბემაქსში ირჯებოდა. მოკოკას მონაგარი მხოლოდ 9 ქულა იყო, არადა, მან მოედანზე 35 წუთი გაატარა.

ფორტ ვეინს 9 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. რედ ანტსი მომდევნო მატჩს ვაშინგტონის წარმომადგენელ ქეფითალ სიტისთან ჩაატარებს, თუმცა, იმედია, გოგა იმ დროისთვის ისევ ინდიანაში იქნება და თავის გამოჩენის საშუალება NBA-ში ექნება.