საქართველო XV-მა (საქართველოს მეორე ეროვნული ნაკრები) ქუთაისში ორეტაპიანი შეკრება დაასრულა და 12 იანვარს (გამთენიას) არგენტინაში მიემგზავრება, სადაც ორმატჩიან სერია გამართავს ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან (Jaguares).
სერიის პირველი მატჩი 17 იანვარს მარ-დელ-პლატაში გაიმართება და მასში ორივე გუნდის მხრიდან 30-30 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო XV-ისა და ‘ხაგუარესის’ მეორე 24 იანვარს, ბუენოს აირესში გაიმართება და აქ გუნდებს განაცხადში 26-26 მორაგბე ეყოლებათ.
საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ბესიკ ხამაშურიძემ გუნდის 30 კაციანი რაზმი წინა კვირას დაასახელა. საზარდულის ტრავმის გამო გუნდს დააკლდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის მკურნალობასაც 2-3 კვირა დაჭირდება. მეტოქის ძალის გათვალისწინებით მწვრთნელმა აქცენტი ასევე, გამოცდილ ბურჯებზე გააკეთა, ნიკა აბულაძე და შოთა გოგისვანიძე შანსს სხვა დროს მიიღებენ. რაზმში ასევე ერთი იძულებითი ცვლილებაა: ხარების ფრთის მოთამაშეს, ლევან ნარიმანიძეს ელენთა აწუხებს, რის გამოც ხამაშურიძემ მის ნაცვლად აკადემიის შუამარბ გიორგი ჭუაძეს უხმო.
ბარბაროსი კაპიტანი
ჩვენს გუნდს არგენტინაში გამოცდილი ბურჯი, ბორჯღალოსანი ანტონ ფეიქრიშვილი უკაპიტნებს. 32 წლის მორაგბეს სხვადასხვა დროს ‘კასტრში’, ‘ბრივში’, ‘კარდიფსა’ და ‘აჟენში’ უთამაშია. ბორჯღალოსნებში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა, 2018 წლამდე 27 კეპი მოიხვეჭა და 7 ლელო გაიტანა.
მან 2015 წლის მსოფლიო თასზე, ოლ ბლექსის წინააღმდეგ ითამაშა, 2018 წელს კი ‘ბარბაროსებში’ მიიწვიეს და არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ვიცე კაპიტანი მესამეხაზელი გურამ შენგელია იქნება, რომელსაც ეროვნული გუნდის კვართით 2-ჯერ უთამაშია.
საქართველო XV არგენტინული ტურნე 2020
ორმატჩიანი სერია ხაგუარესის წინააღმდეგ: 17 იანვარი (მარ-დელ-პლატა), 24 იანვარი (ბუენოს აირეს)
შერკინება: ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გიორგი ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), რევაზ წიკლაური (აია, 3), ნიკა პატარაია (‘სტიაუა’, რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8);
ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), გიორგი ჭუაძე (აკადემია 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).