ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დაასახელეს. ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ტურის MVP შერმადინი უკვე მესამედ გახდა, სულ კი, გასული 14 ტურიდან ოთხში საუკეთესოები ქართველები იყვნენ. პირველივე ტურის საუკეთესოდ თორნიკე შენგელია დასახელდა.
გასული, მე-14 ტური გამორჩეული იყო შერმადინისთვის. მან პირადი რეკორდები დაამყარა როგორც მოგროვებულ ქულებში, ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტში. 2016 წელს ანდორაში თამაშისას მოგროვებული 29 ქულა შერმადინმა გასულ ტურში გრან კანარიასთან 100:79 მოგებულ მატჩში გადაფარა. ქართველმა ცენტრმა 32 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსი 42-ამდე აიყვანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ შერმადინმა ტრადიციულად აკურატულად ისროლა.
გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 11 გამომუშავებული ფოლიც ჰქონდა. შერმადინი პირველი კალათბურთელია, ვინც ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო კალათბურთელად მესამედ დაასახელეს და დიდი შანსია, თვის MVP-ს ტიტულიც ერგოს, რადგანაც ორი აღიარება სწორედ დეკემბერში ჩატარებულ მე-12 და მე-14 ტურებში ერგო.