შენგელიას ათი ქულა ევროლიგელ “ვალენსიასთან” მოგებულ მატჩში

0
42

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში მასსავით ევროლიგაში მოთამაშე “ვალენსიას” 85:74 სძლია, ქართველი ლეგიონერი კი ტრადიციულად სარგებლიანად გაისარჯა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 33:20 მოიგეს.

ქართველი ფორვარდი ბასკონიელთა გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და 33:06 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ შვიდან 2 ორქულიანი და ოთხიდან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” ხუთ-ხუთი მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს სტუმრად “ანდორასთან” ჩაატარებს.