ევროშესარჩევი დასანანი მარცხით დავასრულეთ

0
30

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა.

​ქალაქ სენტ გალენის “კიბუნპარკზე” გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანის შანსი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. მეორე ტაიმში სათამაშო სურათი შეიცვალა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა. საბოლოოდ, შვეიცარიელებმა გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე გაიტანეს. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით ​სედრიკ იტენმა დაასრულა. დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს იან სომერმა აჯობა.

შვეიცარიის წინააღმდეგ გამართული მატჩი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:
“საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.
​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.
მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში”.

განვილილ შეხვედრაზე კომენტარი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ და შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს:

გურამ კაშია: “ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტანა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.
​შვეიცარიის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი, რომ გაგვეტანა თამაში შესაძლოა ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ​ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.
იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება”.

ზურიკო დავითაშვილი: “საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა.”

​შვეიცარია 1:0 საქართველო
​სენტ გალენი, კიბუნპარკი
​შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, ელვედი, აკანჯი, აიეტი (71′ იტენი), ვარგასი (78′ ფასნახტი), ჯაკა, სტეფენი, როდრიგესი, ზაქარია, ფერნანდესი (84′ სოუ).
​მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი​
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, ყაზაიშვილი, შენგელია, კიტეიშვილი (84′ პაპუნაშვილი), ქვილითაია (82′ ლობჯანიძე), დავითაშვილი (84′ გვილია​).
​სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, არაბული, აბურჯანია, ხარაიშვილი, რეხვიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი.
​მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლი: 1:0 იტენი (77)
გაფრთხილება: 29′ ხოჭოლავა, 31′ კანკავა, 75′ სტეფენი
მსაჯები: დანი მაკელი (ნიდერლანდები), მარიო დიკსი (ნიდერლანდები), ჰესელ სტეეგსტრა (ნიდერლანდები), კევინ ბლომი (ნიდერლანდები)

​შვეიცარიის წინააღმდეგ გამართული შეხვედრით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ‘დ’ ჯგუფში 8 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიცია დაიკავა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ერთა ლიგაზე განაგრძობს.
​საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს. ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ პულაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.