საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი III

0
44

“უთოფო ყაჩაღები”

კალათბურთის ფედერაციის პროექტი, “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე” გრძელდება. განვლილ კვირას შეგახვედრეთ ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ბაქრაძე. ვატომ მოგვითხრო, როგორ შეიკრიბა საკალათბურთო სამყარო 1994 წლის 20 მარტს ვერის ბაღში და გადაწყდა საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბება.

გუნდის უფროსად ჯამლეტ ხუხაშვილი დაინიშნა, ხოლო მთავარ მწვრთნელად…

ნაკრებს ის გაწვრთნიდა, ვინც ჩემპიონატს მოიგებდა, ასისტენტად ფინალში დამარცხებული კლუბის თავკაცი იმუშავებდა. ასე გადაწყვიტეს სპორტის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა კახი ასათიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ალეკო ჩხეიძემ“, – ამბობს ჯამლეტ ხუხაშვილი.

საქართველოს III ჩემპიონატის ფინალი ორ მოგებამდე იყო. სერიის პირველი მატჩი “ვითამ” “თბილისთან” 77:74 მოიგო. განმეორებითში 76:80 დათმო, თუმცა მესამეში ასევე ოთხი ქულით იმარჯვა (78:74) და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა. “ვითას” ბესიკ ლიპარტელიანი წვრთნიდა, ხოლო “თბილისს” ნოდარ ქორქია.

“ წითლების” და “ლურჯების” შეხვედრა. ცენტრში – ჯამლეტ ხუხაშვილი, ნოდარ ქორქია და ბესიკ ლიპარტელიანი

მე და ბესო ერთად ჩავუდექით ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რთულ პირობებში გვიხდებოდა, დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ და ჩვენი მწვრთნელობის ბოლომდე არ ყოფილა საუბარი ერთის წასვლასა და მეორის დარჩენაზე. ერთად დავიწყეთ და 1997 წელს ნაკრებიც ერთად დავტოვეთ“, – იხსენებს ნოდარ ქორქია.

მწვრთნელები სანაკრებო საქმიანობას ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუდგნენ – მაისის ბოლოს პირველობის საუკეთესო კალათბურთელები შეკრიბეს, ორად გაყვეს და “შესარჩევი” მატჩი ითამაშეს… საქართველოს ნაკრების კანდიდატთა შესარჩევი მატჩი. ერთ გუნდს წითელი ფორმა ეცვა, მეორეს – ლურჯი.

წითელ-ლურჯთა შეხვედრიდან მწვრთნელებმა ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიეს და ერთ თვეში მოსკოვში პირველ შეკრებაზე გაემგზავრნენ.

ქართველებმა საწყისი მატჩი “სპარტაკთან” ჩაატარეს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შედიოდა. ნოდარ ქორქია იხსენებს:

“მოსკოვის “სპარტაკს” 18 ქულის სხვაობით მოვგეთ. შეუჩერებელი იყო კახა შენგელია, ხოლო ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური ჩატენვის შემდეგ (ალეი უპი ნიკო ჩერქეზიშვილმა აუგდო) ევგენი გომელსკი ხელაწეული წამოხტა და ტაშს დიდხანს უკრავდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები – 1997 წლის 26 ოქტომბერი

მეორე მატჩისთვის “სპარტაკმა” ახალგაზრდული ნაკრებიდან 8 კალათბურთელი დაიმატა, თუმცა ქართველებთან მაინც ვერაფერი გააწყო – 8 ქულის სხვაობით დამარცხდა. შემდეგ იყო გამარჯვება ცსკა-ს დუბლებთან. ბოლო, მეოთხე – რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა. მოვუსმინოთ ჯამლეტ ხუხაშვილს:

რუსი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. ჩემპიონობის მოგების ამბიციაც გააჩნდათ. შესაბამისად, ეგონათ, ქართველებსაც იოლად დაამარცხებდნენ. მატჩმა სხვა სურათი დახატა: რუსებს თავიდანვე კარგად შევუტიეთ და 8 ქულის სხვაობით მოვუგეთ. მატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ერიომინი მოვიდა და მითხრა, ეს რა მიქენითო… იმ მატჩის წაგებას რუსების გუნდში არეულობა, ცვლილებები მოჰყვა და ვერც ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია სასურველ შედეგს.

1995-დან 1997 წლამდე ბესიკ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 21 მატჩი ითამაშა, 8 მოიგო, 13 წააგო, ორჯერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი და ორჯერ ითამაშა შესარჩევი, თუმცა, ბესიკ ლიპარტელიანისა და ნოდარ ქორქიას დუეტმა მეორე შესარჩევში მხოლოდ სამ მატჩში უხელმძღვანელა გუნდს…

“უხერხულ სიტუაციაში ვიყავით, საწყისი სამი თამაში წავაგეთ. თუმცა, ვინც სანაკრებო სამზარეულოში კარგად იყო ჩახედული, იცოდა, რომ ისეთ პირობებში, როგორშიც მუშაობა გვიწევდა, მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. არც პერსპექტივა ჩანდა ნათელ ფერებში. ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს ჩემზე უკეთესად საქმეს სხვა შეასრულებდა, ამიტომ თურქეთთან წაგების შემდეგ ნაკრების თავკაცის პოსტი დავტოვე,” – ამბობს ბესიკ ლიპარტელიანი.

რა პირობებში უხდებოდათ ნაკრების ხელმძღვანელებს მუშაობა, ჯამლეტ ხუხაშვილის სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს:

“სპორტკომიტეტიდან მცირე დაფინანსება გვქონდა. ამიტომ, ვაწუხებდით ბიზნესმენებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რათა ეკიპირება შეგვეძინა და გუნდის უცხოეთში გამგზავრება უზრუნველგვეყო. საკუთარ თავს “უთოფო ყაჩაღებსაც” ვუწოდებდით.”

თემას მაშინდელი ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა რევაზ ჩხეიძე განაგრძობს:

“კარგად მახსოვს, მოგების შემდეგ, გასახდელში თურქ კალათბურთელებს პრემიები რომ დაურიგეს. ჩვენ, ასეთ “ფუფუნებას” არ ვითხოვდით, მხოლოდ ელემენტარული პირობები გვჭირდებოდა, მაგრამ არც ის გვქონდა.”

ამის მიუხედავად, ვიდეოებიდანაც ჩანს, როგორი მონდო,

მებით თამაშობდა საქართველოს ნაკრები და როგორ იბრძოდა ბოლომდე. ამ კომპონენტში კი გამორჩეული იყო რევაზ ჩხეიძე, რომელმაც ნაკრებში 33 მატჩი ითამაშა.

ყველაზე  მეტად მახსენდება 1997 წელი, როდესაც, თბილისში ერთ დღეს,  სამი საათის ინტერვალით, საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებებმა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები მოიგეს. ფეხბურთში სტოიჩკოვის ბულგარეთს 2:1 ვძლიეთ, მანამდე  კი  სპორტის სასახლეში ბოსნიის ძლიერ ნაკრებს კალათბურთში მოვუგეთ… მატჩის დებიუტში 4:22  ვაგებდით, თუმცა თამაში შემოვატრიალეთ და 77:66 ვიმარჯვეთ. ეს  ქართული სპორტის ნამდვილი ზეიმი  და დამოუკიდებლობის პერიოდიდან ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული სპორტული დღე გახლდათ.”

ბოსნიასთან შეხვედრაში “ჩხიროს” 15 ქულა მოუგროვდა.

სწორედ იმ შესარჩევში, რომელშიც ბოსნიას ვეთამაშეთ (ევრობასკეტი 1997), საქართველოს ნაკრებმა მეორე დასამახსოვრებელი გამარჯვება ბელარუსთან მოიგო, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონდა და საქართველოსთან მოგებისთვის ემზადებოდა.

ამ შეხვედრას დავით თორთლაძე იხსენებს:

“ანგარიშზე 78:78 ბოლო იერიშის უფლება ჩვენ დაგვრჩა. ბურთი უნდა გაგვეთამაშებინა და უკანასკნელ წამზე გვესროლა, რათა მეტოქისთვის საპასუხო იერიშის განხორციელების შანსი არ მიგვეცა. სირენა ისე მოახლოვდა, რომ თავისუფალი პარტნიორი არ გამოჩნდა. ფარქვეშ შევედი და ბურთი კალათისკენ გავუშვი, თუმცა იგი რგოლზე დატრიალდა და იქვე მყოფმა ვაკო ბეჟანიშვილმა კალათში ჩააბრუნა – 80:78. დაძაბული შეხვედრა ასეთმა საინტერესო ფინალმა ნამდვილად დაამშვენა.”

საქართველოს ნაკრებში „თორთლას“ საუკეთესო თამაში საბერძნეთთან იყო, რომელიც ელინებმა 65:61 მოიგეს. დათომ 38 წუთი ითამაშა, ორი სამქულიანი ჩააგდო… მას დღესაც არ დავიწყებია იმ შეხვედრაში მსაჯების მიკერძოებულობის ამბავი:

“2004 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში NBA-სა და ევროლიგაში გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ, ამიტომ საშინაო მატჩებში მსაჯები მეტოქისკენ გადახრას ვერ ბედავენ. ნაკრების არსებობის საწყის წლებში არავინ გვიცნობდა და არ მახსოვს, არბიტრებს ჩვენდამი თუნდაც მცირე სიმპათია ჰქონოდათ. არადა, ბოლო წამებზე მსაჯის გადაწყვეტილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ მიერ მასპინძლის დაჩაგვრის ნათელი მაგალითი საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება იყო. მატჩი ბოლო წუთებზე სწორედ არბიტრებმა მოგვიგეს.”

საქართველო – საბერძნეთის მატჩი