შენგელიამ “ბასკონიაში” კარიერის რეკორდი ევროლიგის მატჩში დააფიქსირა – 31 ქულა!

0
29

თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური შედეგი ევროლიგაში. ესპანური “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ისრაელის “მაკაბისთან” მერვე ტურის მატჩში 31 ქულა მიითვალა და სამწუხარო ისაა, რომ მისი დიდებული გარჯა მოგებით არ დაფასდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს და ბასკონია შინაურ არენაზე 83:113 დამარცხდა.

მატჩის მეორე პერიოდი ბასკონიელებმა 11:27 წააგეს, რის შემდეგ 32:55 ჩამორჩნენ და ფაქტობრივად წასაგებად გაიწირნენ. მასპინძელთა გუნდში ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველი ლეგიონერი გახლდათ, რომელმაც 36:09 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა. შემგელიამ ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ცხრიდან ექვსი სამიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. შედეგად ქართველის სარგებლიანობის ინდექსმა 32-ს მიაღწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ძნელია, მისი ეს მონაგარი მერვე ტურში ვინმემ გადაფაროს, თუმცა მიენიჭება თუ არა მას ტურის MVP-ის ტიტული, ამას ევროლიგის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

ამ სეზონში შენგელია ორჯერ დაასახელეს ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ორჯერვე ამაზე ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტი – 28 ჰქონდა. 31 ქულა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია “ბასკონიას” ფორმით (არა მხოლოდ ევროლიგაში). მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მეტი ჰქონია – 2017 წელს ცსკა-სთან – 33.

სამი მოგებითა და ხუთი მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს, ვიტორიაში, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.