გიორგი შერმადინი “ტენერიფეში” თავის ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში მიღებული MVP-ის ტიტულების შემდეგ, ქართველმა ცენტრმა ამჯერად საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინა თავი. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში შერმადინის იბეროსტარმა ტენერიფეში რუსულ ნიჟნი ნოვგოროდს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდებული თამაშის ხარჯზე 81:67 დაამარცხა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 24 წუთში 24 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირობასთან ერთად, შერმადინი უბადლო იყო სამწამიანში და მატჩში უმეტესი – 9 მოხსნა მიითვალა. ამასთან, ქართველმა ცენტრმა 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 29-ას უწია და ცხადია, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველ ცენტრს რუსთა ძლევაში ხელი მარსელიონიო უერტასმა შეაშველა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო. 9-9 ქულა მიითვალეს საშუ სალინმა და დანი დიესმა.
წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში 32 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. შერმადინის ტენერიფე იბეროსტარი C ჯგუფშია ლატვიურ ვეფ-თან, ბერძნულ პერისტერისთან, ჩერნოგორიულ მორნართან, თურქულ გაზიანთეფთან, გერმანულ ბამბერგთან, ჩეხურ ნიმბურკთან და პირველ ტურში ძლეულ ნიჟნი ნოვგოროდთან. შემდეგ ტურში, 22 ოქტომბერს, შერმადინის გუნდი მონტენეგროს ქალაქ ბარში მორნართან ითამაშებს.
რაც შეეხება ბერძნულ პერისტერის, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი წვრთნის, ამ კლუბმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პირველ ტურში. პერისტერელებმა თურქეთში გაზიანთეფი 70:64 დაამარცხეს.